გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნატო-ში არსებული ვითარება 20-წლიანი ქორწინების შემდეგ არსებულ კრიზისს შეადარა.
კითხვაზე, „კვლავ არსებობს თუ არა რწმენა, რომ ნატო-ს ერთ-ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებული შტატები ალიანსს დახმარებას გაუწევს, როგორც ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული?“, – პისტორიუსმა უპასუხა, რომ „ისინი, ვინც ამდენი წელია, დაქორწინებული არიან, ნდობისა და გაუცხოების კრიზისის წინაშე დგანან“.
მისივე თქმით, ამ დროს არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი – გაქცევა ან ურთიერთობისთვის ბრძოლა.
„ნება მომეცით, უჩვეულო შედარება გავაკეთო. 20-წლიან ქორწინებაში მყოფი ადამიანები შესაძლოა, გარკვეულ მომენტში განიცდიდნენ კრიზისს, ნდობის კრიზისს, გაუცხოების კრიზისს. ან შესაძლებელია, შეიცვალოს მათი ცხოვრებისეული შეხედულებების პრიორიტეტები. შემდეგ, მარტივად რომ ვთქვათ, წარმოიქმნება ორი ადამიანური, ინსტიქტური იმპულსი: გაქცევა ან ბრძოლა“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა RND-სთან ინტერვიუში.
ამასთან, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ნატო-ს ერთიანობას მაინც ხედავს და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ალიანსის დატოვებას არ აპირებს.
მისივე თქმით, ამ დისკუსიებიდან სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
„სხვათა შორის, ერთადერთი, ვინც ამ დისკუსიიდან სარგებელს იღებს, პუტინია“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

