ხელისუფლება ამცირებს სწავლის ხანგრძლივობას, ხარისხს, ხელმისაწვდომობას, განათლებას პარტიულ კონტროლს უქვემდებარებს – ასე აფასებს პარტია “თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი სიმონ ჯანაშია, განათლების სფეროში დაანონსებულ ცვლილებებს.
“განათლების სპეციალისტი არ უნდა იყო ადამიანი იმისთვის, რომ მიხვდე – რაც უფრო ნაკლებს სწავლობს ადამიანი, მით ნაკლები შანსია, რომ მას ხარისხიანი განათლება ჰქონდეს. ხელისუფლება ამცირებს სწავლის ხანგრძლივობას, ხარისხს, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობას, საერთაშორისო ურთიერთობებს უმაღლეს განათლებაში იმით, რომ კეტავს ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობას, რომ მარტივად წავიდნენ უცხოეთში, 12 კლასის დასრულების შემდეგ. ასევე, ამცირებს შესაძლებლობას უცხოელი სტუდენტებისთვის, რომ ისწავლონ საქართველოს საჯარო უნივერსიტეტებში. ასევე, დიდი პრობლემაა, რომ განათლებას პარტიულ პოლიტიკურ კონტროლს უქვემდებარებს, რომ კონკრეტული პარტიის ინტერესებზე გახადოს მორგებული, ამ შესაძლებლობებს კი გამოიყენებს შენობების გასაყიდად, რომ ლოიალური ხალხი დანიშნოს და მათთვის არასანდო ხალხი გაუშვას სამსახურებიდან, გააერთიანოს ან დაყოს უნივერსიტეტები.
ამ პრობლემას უნდა დავუპირისპიროთ არა მარტო ერთიანობა, სიმტკიცე და გაბედულება, არამედ ორგანიზებულობა, იმ სისტემების შესახებ ცოდნა, რომელიც შესაძლოა ამ განათლების რეფორმის ალტერნატივა ყოფილიყო” – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

