ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან – სააკაშვილი

ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დაიწყეს ჩემი ციხეში ჩასმით, მოაყოლეს უამრავი სხვა ადამიანის პოლიტიკური პატიმრობით. მერე პარტიებს დაერივნენ, აკრძალვა დაუანონსეს. მოიცილეს ემიგრანტები, რომლებიც საქართველოს დოვლათის ნახევარს ქმნიან და აუკრძალეს არჩევნებში ხმის მიცემა. ახლა ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც ეროვნული დოვლათის მეორე ნახევარს ქმნის, აუკრძალეს აზრის გამოთქმა. რეჟიმი, რომელიც ამ მასშტაბის რეპრესიებს იყენებს, სინამდვილეში არის ძალიან სუსტი და აწი ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ.

ახლა რა ხდება ჩვენს მხარეს – ჩემს მოწოდებაზე პარტიების გაერთიანებაზე რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა უპასუხა, რომ მზად არიან, ამ ეტაპზე მხოლოდ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანდნენ.

ეს არის ფუნდამენტური პრობლემა ქართულ პოლიტიკაში – ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, თავისი იდეოლოგიით და grassroot ბაზით, რამდენადაც პოლიტპროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით. ინვესტორები ამ ჯგუფებს მიიჩნევენ თავიანთ პირად საკუთრებად და ხშირად მოიაზრებენ საკუთარი თავის დაცვის საშუალებად და თეორიულად სავაჭრო საგნად.

შესაბამისად, ისინი არიან გაერთიანების წინააღმდეგ. ამავე დროს ამ პოლიტიკურ პროექტებში არის ბევრი კარგი, ქმედითი ადამიანი.

მესმის, რომ მათ ნაწილს ხელფასებით იჭერენ, მაგრამ მათ უნდა აიღონ საკუთარ ხელში ინიციატივა და წამოვიდნენ გაერთიანებაზე. როცა ერთიანი პარტია შეიქმნება, ინვესტორები იძულებული იქნებიან, ის დააფინანსონ და არა ახალ, სეპარაციულ პროექტებზე იფიქრონ“, – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....