ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვიმედოვნებთ, რომ ირანის შიდა საკითხებს ირანელი ხალხი გარე ჩარევის გარეშე მოაგვარებს  – ჰაკან ფიდანი

ვიმედოვნებთ, რომ ირანის შიდა საკითხებს ირანელი ხალხი მშვიდობიანად, გარე ჩარევის გარეშე, მოაგვარებს, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ყურადღებით ვაკვირდებით ირანში მიმდინარე მოვლენებს. კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ ღრმად დამწუხრებული ვართ საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა გამო და ვუსამძიმრებთ ირანელ ხალხს“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ანკარა ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია.

„ყველა შესაძლებლობის დროს ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენს ყველა კოლეგას, რომ წინააღმდეგი ვართ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევის. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელი ცდილობს დაარწმუნოს შეერთებული შტატები ირანზე სამხედრო თავდასხმის განხორციელებაში. ისრაელის ამ მცდელობებს შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ ჩვენი რეგიონის ისედაც მყიფე სტაბილურობას“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....