აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

სირიის მთავრობამ და ქურთულმა ძალებმა ზავის სტაბილიზაციის მიზნით ახალი შეთანხმება დადეს

სირიის მთავრობამ და ქურთი მებრძოლებით დაკომპლექტებულმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) რამდენიმე კვირის წინ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის გარიგების სტაბილიზაციის მიზნით ახალი შეთანხმება დადეს.

შეთანხმების თანახმად, როგორც SDF-მა განაცხადა, სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ძალები ალ-ჰასაკესა და ქამიშლის ქალაქებში შევლენ – ქალაქებში, სადაც მათ ადრე შესვლა ეკრძალებოდათ. ამით SDF-სა და სამთავრობო ძალების ინტეგრაციის პროცესი დაიწყება.

შეთანხმების მიხედვით, სირიაში ახალი სამხედრო ბრიგადა ჩამოყალიბდება, რომელიც SDF-ის სამი ბრიგადისგან იქნება დაკომპლექტებული.

ასევე, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედი ადგილობრივი ადმინისტრაციული ინსტიტუტები, რომლებიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ავტონომიურად ფუნქციონირებდნენ და მათი თანამშრომლები სახელმწიფო ინსტიტუტებში ინტეგრირდებიან.

განცხადების თანახმად, შეთანხმება ასევე მოიცავს “ქურთი ხალხის სამოქალაქო და საგანმანათლებლო უფლებებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ რეგიონებში დაბრუნების გარანტიებს”.

“შეთანხმების მიზანია სირიის ტერიტორიების გაერთიანება და რეგიონში სრული ინტეგრაციის პროცესის განხორციელება დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ქვეყნის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის გაერთიანების გზით” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 18 იანვარს სირიის მთავრობამ და ძირითადად ქურთი მებრძოლებით დაკომპლექტებულმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) ფრონტის ყველა ხაზზე ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს

სირიის მთავრობამ და ქურთულმა ძალებმა ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დადეს
მანამდე, სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ქალაქ ტაბქასა და სირიის უდიდეს კაშხალზე კონტროლი დაამყარეს. ტერიტორიას აქამდე ქურთი მებრძოლები აკონტროლებდნენ.

ჩრდილოეთ სირიაში სამთავრობო ჯარები ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინ მიიწევენ
ევფრატის კაშხლის დაკავებამდე, რომელიც რაკის პროვინციაში მდებარეობს, სირიის ძალებმა ალეპოს რეგიონში არაერთი ქალაქი და სოფელი დაიკავეს მას შემდეგ, რაც SDF-ის სარდლობამ განაცხადა, რომ ტერიტორიას დატოვებდა.

SDF-სა და სირიის არმიას შორის შეტაკებები რამდენჯერმე მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა.

შარაამ პირობა დადო, რომ 14-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანას გააერთიანებდა, თუმცა ქურთები თავიანთი ავტონომიის გარანტიებს ითხოვენ.

SDF-ის მეთაურმა მაზლუმ აბდიმ 16 იანვარს განაცხადა, რომ მისი ძალები შაბათს ალეპოს აღმოსავლეთით მდებარე პოზიციებიდან გასვლას დაიწყებდნენ, რაც უფრო ფართო შეთანხმების ნაწილია, რომელიც გასული წლის მარტში იქნა მიღწეული.

ქურთების ძალების გასვლა რეგიონში აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის დელეგაციის ვიზიტს მოჰყვა.

თუმცა, 17 იანვარს ბრძოლები რამდენიმე რეგიონში გაგრძელდა. SDF-ს განცხადებით, მისი ძალები ინტენსიურ შეტაკებებში იყვნენ ჩართულნი სამთავრობო ჯარებთან ტაბქას სამხრეთით, თავრას ნავთობსაბადოს რაიონში, “რაც შეთანხმების ფარგლებს სცდებოდა”.

შეერთებულმა შტატებმა სირიის ჯარებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....