აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირანის წინააღმდეგ ვარიანტებს შორის აშშ რეიდების მოწყობასაც განიხილავს – NYT

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანზე თავდასხმის სამხედრო ვარიანტების სია წარედგინა, რომლის მიზანიც ქვეყნის ბირთვული და სარაკეტო ობიექტებისთვის დამატებითი ზიანის მიყენება და ირანის უზენაესი ლიდერის რეჟიმის დასუსტებაა.

გამოცემა აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ განხილულ ვარიანტებს შორის არის ირანის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე აშშ-ის ჯარების შესაძლო რეიდებიც, თუმცა, ტრამპს იერიშის მიტანის შესახებ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

NYT- ს წყაროების თქმით, ტრამპი ირანის მიმართ ისეთივე მიდგომას იყენებს, როგორიც ვენესუელასთან ჰქონდა: ახლომდებარე რეგიონებში ძალების მობილიზაცია და ქვეყნის ლიდერის მიმართ მუქარა, რომ მის მოთხოვნებს დათანხმდეს ან სამხედრო მოქმედებების წინაშე აღმოჩნდეს.

ცნობისთვის, გამოცემა Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ განიხილავს ისეთ ვარიანტებს, რომლებიც უსაფრთხოების ძალებსა და ირანელ ლიდერებზე მიზანმიმართულ დარტყმებს მოიცავს, რათა “რეჟიმის ცვლილებისთვის” შესაბამისი პირობები შეიქმნას.

თუმცა, ამის პარალელურად ისრაელელი და არაბი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ხამენეის რეჟიმის დასამხობად მხოლოდ საჰაერო იერიშები არ იქნება საკმარისი.

აშშ-დან ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპს ირანში “რეჟიმის ცვლილებისთვის” წინაპირობის შექმნა სურს. წყაროების თქმით, ამისთვის ტრამპი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი მეთაურებსა და ინსტიტუტებზე დარტყმების ვარიანტებს განიხილავს, რათა დემონსტრანტებს გაუჩნდეთ თავდაჯერებულობა, რომ ისინი სამთავრობო და უსაფრთხოების ორგანოების შენობების აღებას შეძლებენ.

ამავდროულად, CNN საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეზღუდვის შესახებ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე წინასწარი დისკუსიების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალ, მასშტაბურ დარტყმებს განიხილავს.

CNN: უშედეგო დისკუსიების შემდეგ ტრამპი ირანზე მასშტაბური იერიშებისთვის ემზადება

CNN-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ტრამპი მიიჩნევს, რომ სამხედრო შესაძლებლობები გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ავიამზიდი რეგიონში ჩავიდა.

ამასთან, გამოცემა The War Zone-ს ინფორმაციით, ირანთან დაძაბულობის ფონზე აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში, USS Abraham Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფთან ერთად, დამატებით კიდევ ერთი საესკადრო ნაღმოსანი და ელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი გაგზავნა.

TWZ: აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ნაღმოსანი და სადაზვერვო თვითმფრინავი გაგზავნა
აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა გამოცემას 28 იანვარს დაუდასტურა, რომ ავიამზიდი USS Lincoln და Arleigh Burke-ის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი სამი საესკადრო ნაღმოსანი უკვე აშშ-ს ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში იმყოფებიან. TWZ-ს ცნობით, მადუროს დაკავების სპეცოპერაციამდე ავიამზიდ Gerald R. Ford-ის მოიერიშე ჯგუფს კარიბის ზღვაში სწორედ ამ რაოდენობის სამხედრო ხომალდები ჰყავდა განლაგებული.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს საზღვაო ძალებს ამჟამად ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში ჯამში 10 სამხედრო გემი ჰყავს განთავსებული. ამასთან, საზღვაო ძალების მაღალჩინოსანმა TWZ-ს განუცხადა, რომ ახლახან რეგიონში აშშ-ს ძალებს კიდევ ერთი საესკადრო ნაღმოსანი, USS Delbert D. Black შეუერთდა.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა.

საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5 137-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 27 797-ია. თუმცა, აქტივისტების ცნობით, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა, 40 000-საც აღემატებოდეს. ამავდროულად, უკვე ორ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტიც.

აქციების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა, თუკი რეჟიმი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავდა და აქციებზე დაკავებულ ხალხს სიკვდილით დასჯიდა.

მას შემდეგ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ხამენეის რეჟიმმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა, თუმცა, ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების “არმადა” მიემართება და დაამატა, რომ ამერიკა ირანს “ყურადღებით აკვირდება”.

“ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით.” – თქვა ტრამპმა.

თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი ძალები “იმაზე უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა”.

ირანის უზენაეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული გამოცემის, Nournews-ის მიხედვით, გენერალმა მოჰამად პაკპურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ “ნებისმიერი არასწორი გაანგარიშება თავიდან აირიდონ”.

იტვირთბა....