საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და საგარეო ეკონომიკური შოკების მიუხედავად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკამ გამორჩეული შედეგი აჩვენა. მისი თქმით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დივერსიფიცირებულ ეკონომიკური ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ინფორმაციებისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებისა და სხვა სექტორებმა შეიტანა.
როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები – ექსპორტის მოცულობამ 7.3 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, ზრდამ კი 11%-ს გადააჭარბა. მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ადგილობრივი ექსპორტის ზრდაზეც, რომელმაც წინა წელთან შედარებით 12,5 პროცენტი შეადგინა.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა, ტურიზმი და ამ სექტორიდან მიღებული შემოსავალია. ეკონომიკამ ტურიზმიდან 4,7 მლრდ აშშ დოლარი მიიღო, წინა წლის მაჩვენებელთან ზრდამ კი 6 პროცენტს მიაღწია.
„ყოველივე ზემოაღნიშნული მყარ საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები 2026 წელსაც გაგრძელდება. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მექანიზმზე, ინიციატივებსა და რეფორმებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას მოემსახურება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

