აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

შემზღუდავი კანონის შემოღება არავის ეხალისება, მაგრამ როცა ბოროტად იყენებენ ლიბერალურ კანონმდებლობას, სახელმწიფო იძულებული ხდება, ბოროტად გამოყენების შესაძლებლობები შეზღუდოს – ირაკლი ქადაგიშვილი

ევროკომისარმა თქვა, რომ გზებს ეძებენ, როგორ აუარონ გვერდი კანონს. ისინი შავ გზებს ეძებენ, ჩვენ ლეგიტიმურად ვიღებთ კანონებს, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოსთვის თუ სიკეთის მოტანა ან კარგი გამოცდილების გაზიარება უნდათ, საჯაროობა პრობლემა არ უნდა იყოს.

„ნათლად გვითხრეს, რომ პოლიტიკასთან დაკავშირებული ფულის ლეგალიზაციას არ აპირებენ. ევროკომისარმა თქვა, გზებს ეძებენ, როგორ აუარონ გვერდი კანონს. ისინი შავ გზებს ეძებენ, ჩვენ ლეგიტიმურად ვიღებთ კანონებს. ამ ქვეყნისთვის თუ სიკეთის მოტანა ან კარგი გამოცდილების გაზიარება უნდათ, რატომ არის პრობლემა და მიუღებელი საჯაროობა? ნიდერლანდებში რომ წახვიდეთ და თქვენმა სახელმწიფომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მოინდომოს, იქაური სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ გამჭვირვალობას არ მოგთხოვენ, რატომ, როგორ, რანაირად – თუნდაც, ჰოლანდიური ტიტების საკითხზე? ნორმების დაცვას ყველა ქვეყანაში მოგთხოვენ. ევროპული რეგულაციების მომხრეები არიან და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ღირსების საკითხი კი არ არის დარეგისტრირება, ლამაზ ლოზუნგს გამოაგდებენ და თუ არ ჩაწვდები, რაღაც გეგონება. ფული ვისგან მოდის და რაში ხარჯავენ, ეს რომ ღია იყოს, თურმე ღირსების შემლახველია, რადგან თვლიან, რომ ეს ხელისუფლება უღირსია და თავად ღირსეულები არიან. ასე თვლიან და უკაცრავად, მაგრამ ნდობის რეიტინგი არც ერთ კვლევაში არ აქვთ, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ. როგორც კი, ევროპულ სტანდარტს შესთავაზებ, მისგან დისტანცირებას იწყებენ. მედიის მიმართულებით ევროპული სტანდარტი რომ გადმოიღოთ, მერე ნახეთ, აქ რა ამბავი ატყდება. რაღაც ახალი შემზღუდავი კანონის შემოღება არავის ეხალისება, მაგრამ როცა მეორე მხარე ბოროტად იყენებს ლიბერალურ კანონმდებლობას, სახელმწიფო იძულებული ხდება, რომ ბოროტად გამოყენების შესაძლებლობები შეზღუდოს. როცა გზის გადაკეტვა იმის გამო ხდება, რომ ამან ხალხში გაღიზიანება უნდა გამოიწვიოს, სახელმწიფო შესაბამისს ზომებს იღებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა: „არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მხარს ვუჭერთ მედიას, გთხოვთ, გამაგრდით“.

ამასთან, 2025 წლის 18 ნოემბერს მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს, ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი“.

ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....