მივიღე დაზიანება [4 ოქტომბრის აქციის დღეს], თავის არეში მომხვდა ე.წ. ფილა, ქვა, მეხურა ჩაფხუტი, რომელიც გატყდა, ჩემ წინ განლაგებულები იყვნენ აქციის მონაწილეები და მათი მხრიდან მოდიოდა ნასროლი ქვები. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, გვიწოდებდნენ „რუსის მონებს”, „ღორებს”, ჩვენ ამ ყველაფერს ვითმენდით მაქსიმალურად,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესზე, პოლიციელმა იოსებ როსტიაშვილმა განაცხადა, რომელიც მოწმის სახით იკითხება.
იოსებ როსტიაშვილის თქმით, ის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განყოფილების უფროსი, რომელსაც მის თანამშრომლებთან ერთად 4 ოქტომბრის აქციის დღეს, ათონელის რეზიდენციის ტერიტორიაზე მოუწია მუშაობა. მისი თქმით, მის გარდა აქციაზე დაზიანება მიიღეს მისმა თანამშრომლებმაც.
დაცვის მხარის კითხვაზე, დაინახა თუ არა კონკრეტულად ვისი ნასროლი ქვა მოხვდა, პოლიციელმა იოსებ როსტიაშვილმა ასე უპასუხა – „არ დამინახავს… მე სახეზე ვერავის ვერ ვცნობ და ჩემგან არ იქნება მართალი, რომ ხელი დავადო ისეთ ადამიანს, რომელსაც ვერ ვცნობ“,- განაცხადა როსტიაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, აქციის მონაწილეების მისამართით კეთდებოდა მოწოდებები, რომ დაშლილიყვნენ.
„4 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ გადავსულიყავით ათონელის ქუჩაზე, მივედით მშრალი ხიდის ტერიტორიაზე. უკვე ვხედავდით ავტობუსიდანაც, რომ აქციის მონაწილეები ძალადობაზე იყვნენ გადასულები, მიდიოდა პოლიციაზე ფიზიკური ძალადობა. ჩამოვედით ავტობუსიდან და დავიწყეთ გადაადგილება პრეზიდენტის სასახლისკენ. ამ დროს, აქციის მონაწილეთა მხრიდან გვესმოდა გინება, გვესროდნენ სხვადასხვა ნივთს და ა.შ. როცა ათონელის ქუჩაზე განვლაგდით დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო მოწოდებები, რომ დაშლილიყვნენ, თუმცა ამის მიუხედავად, გრძელდებოდა სხვადასხვა საგნის სროლა ჩვენ მიმართ. თანამშრომლები დაახლოებით 40-50 კაცი ვიყავით. აქციის მონაწილეები ჩვენი მიმართულებით ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა ნივთს, უმეტესად ქვებს. მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ნივთებს აზიანებდნენ, ნაგვის ურნებს, ღობეებს და ა.შ. ინვენტარს, სახელმწიფო ინვენტარს აზიანებდნენ. დაზიანება მიიღეს თანამშრომლებმა. მე თავის არეში მომხვდა ე.წ. ფილა, ქვა. მეხურა ჩაფხუტი, ჩაფხუტი გატყდა. დაზიანებული ჩაფხუტი შევიცვალე. ჩემ წინ განლაგებული იყვნენ აქციის მონაწილეები და მათი მხრიდან მოდიოდა ნასროლი ქვები. ამასთან, დაზიანებული თანამშრომლები გადაგვყავდა მანქანაში.
[პრეზიდენტის სასახლის] ღობე იყო დაზიანებული. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, გვეუბნებოდნენ ,,რუსის მონებს”, ,,ღორებს”. ჩვენ ამ ყველაფერს ვითმენდით მაქსიმალურად. ადგილზე დაახლოებით 22:30 საათამდე გავჩერდი, რადგან დაზიანება მქონდა მიღებული. დიდი ზომის ქვა მომხვდა. განვიცადე ძლიერი ტკივილი თავის არეში. საქმის კურსში მეთაური ჩავაყენე, რადგან ჩემი საქმის გაგრძელება აღარ შემეძლო, ფეხზეც ვერ ვდგებოდი. სასწრაფო დახმარების მანქანით გადამიყვანეს ქავთარაძეზე საავადმყოფოში.
იმ წამს ჩემ გვერდით თანამებრძოლები იყვნენ ვალერი ფეიქრიშვილი და ლაშა ქორიძე. „თანამებრძოლებს ვუწოდებ იმიტომ, რომ ჩვენი სამსახური ყოველ კვირა დადის საოკუპაციო ხაზთან, კონკრეტულად მე, თვეში ერთხელ”.”,- განაცხადა იოსებ როსტიაშვილმა.
ამის შემდგომ სასამართლო პროცესზე, ადვოკატმა, შოთა კახიძემ მოწმე პოლიციელს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის იცნობს, თუ არა „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს”, ასევე ჰკითხა, თუ რა შინაარსის ფიცი აქვს დადებული, როგორც პოლიციელს, თუმცა პროკურორ ვაჟა თოდუას შუამდგომლობით აღნიშნული კითხვები მოსამართლემ მოწმეს ააცილა.
ასევე, ადვოკატის მორიგ კითხვებზე, თუ გამოუყენებია ხელკეტი აქციის დაშლის დროს, თუ მიუღია მონაწილეობა სხვა აქციების დაშლაში, დარბევაში, მოწმე პოლიციელმა ასე უპასუხა:
,,დაშლას მე არ ვუწოდებ, წესრიგის დამყარებაში მიმიღია”, – განაცხადა იოსებ როსტიაშვილმა.
,,ასევე გრძნობთ, თუ არა პასუხისმგებლობას იმ ადამიანებზე, რომლებმაც თქვენ გამო ჯანმრთელობა დაკარგეს? ან გაგიჩნდათ თუ არა პროტესტი, როცა კადრებში ნახეთ, როგორ იძალადეს თქვენმა კოლეგებმა ჟურნალისტებზე? მე მაინტერესებს, რამდენად გაქვთ ემპათიის უნარი?”.
ადვოკატ შოთა კახიძის არცერთ აღნიშნულ კითხვებზე მოწმე პოლიციელს პასუხი არ გაუცია, რადგანაც პროკურორმა ვაჟა თოდუამ ამჯერადაც კითხვების აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირია მიცემული და მათი საქმეები 5 ეპიზოდად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბრალდებულ 15 პირს – გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები

