“საჯარო პოლიტიკური აქტივობა ძალიან ბევრ რამეში შეიძლება გამოიხატოს. შენ თავისუფალი უნდა იყო, როცა ბიზნესში ხარ და საჯარო პოლიტიკური აქტივობა არ უნდა განახორციელო. ამიტომ მივესალმები ამას, რომ აღარ იყოს ამაზე საუბარი; თუ არის ვინმე და დაუმტკიცდება [საჯარო პოლიტიკური აქტივობა], გადაიხადოს ამ ბიზნესმენმა ეგ ჯარიმა – არანაირი პრობლემა არ არის. არ უნდა ჩაერიო რა, იმიტომ რომ შენ თუ ხარ ბიზნესში, მიხედე ბიზნესს. თუ ხარ პოლიტიკაში, მიხედე პოლიტიკას – ეს უნდა იყოს გამიჯნული…მე საერთოდ არ ვაპირებ ბიზნესში დაბრუნებას; მყავს შვილი, რომელიც უკვე კარგა ხანია ბიზნესში იყო ჩემთან ერთად და ის გააგრძელებს საქმეებს. დასვენებას და სულ სხვა რაღაცას ვაპირებ. ბიზნესში როდესაც ვიყავი, საერთოდ არ ვინტერესდებოდი პოლიტიკით. გამიჯნული უნდა იყოს ეს ყოველივე და თუ ვინმე არ გამიჯნავს, ამისთვის არის ეს ჯარიმა. ” – ამბობს დეპუტატი ბეჟან წაქაძე ოცნების ინიცირებულ ახალ კანონპროექტზე, რომლითაც მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება ჯერ 20 000 ლარით, გამეორების შემთხვევაში – 40 000 ლარით.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბოლო კვლევით, ოცნების 87 დეპუტატიდან 41-ს ბიზნესი აქვს, რომელსაც საბიუჯეტო შესყიდვებით ავითარებს.
წაქაძე 2020 წლიდან, ოცნების პარტიულ სიაში ბიზნესიდან მოხვდა და დეკლარაციების მიხედვით, მრავალმილიონიანი ქონებაც აქვს.

