ახალი ამბები მთავარი

“ირანზე დარტყმებით ტრამპს “რეჟიმის შეცვლისთვის” პირობების შექმნა სურს” – წყაროები Reuters-ს

გამოცემა Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ განიხილავს ისეთ ვარიანტებს, რომლებიც უსაფრთხოების ძალებსა და ირანელ ლიდერებზე მიზანმიმართულ დარტყმებს მოიცავს, რათა “რეჟიმის ცვლილებისთვის” შესაბამისი პირობები შეიქმნას.

თუმცა, ამის პარალელურად ისრაელელი და არაბი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ხამენეის რეჟიმის დასამხობად მხოლოდ საჰაერო იერიშები არ იქნება საკმარისი.

აშშ-დან ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპს ირანში “რეჟიმის ცვლილებისთვის” წინაპირობის შექმნა სურს. წყაროების თქმით, ამისთვის ტრამპი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი მეთაურებსა და ინსტიტუტებზე დარტყმების ვარიანტებს განიხილავს, რათა დემონსტრანტებს გაუჩნდეთ თავდაჯერებულობა, რომ ისინი სამთავრობო და უსაფრთხოების ორგანოების შენობების აღებას შეძლებენ.

პარალელურად, CNN საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეზღუდვის შესახებ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე წინასწარი დისკუსიების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალ, მასშტაბურ დარტყმებს განიხილავს.

CNN: უშედეგო დისკუსიების შემდეგ ტრამპი ირანზე მასშტაბური იერიშებისთვის ემზადება

CNN-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ტრამპი მიიჩნევს, რომ სამხედრო შესაძლებლობები გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ავიამზიდი რეგიონში ჩავიდა.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა.

საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5 137-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 27 797-ია. თუმცა, აქტივისტების ცნობით, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა, 40 000-საც აღემატებოდეს. ამავდროულად, უკვე ორ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტიც.

აქციების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა, თუკი რეჟიმი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავდა და აქციებზე დაკავებულ ხალხს სიკვდილით დასჯიდა.

მას შემდეგ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ხამენეის რეჟიმმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა, თუმცა, ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების “არმადა” მიემართება და დაამატა, რომ ამერიკა ირანს “ყურადღებით აკვირდება”.

“ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით.” – თქვა ტრამპმა.

გავრცელებული ცნობებით, ირანს ინდოეთის ოკეანიდან უკვე მიუახლოვდა USS Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი, რომელიც ავიამზიდთან ერთად სამ საესკადრო ნაღმოსანსაც მოიცავს.

ისრაელური მედია: აშშ-ს ავიამზიდი მოიერიშე ჯგუფთან ერთად ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

ამას გარდა, აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების საფრთხის გამო რამდენიმემ მსხვილმა ავიაკომპანიამ, მათ შორის, KLM-მა, Lufthansa-მ და Air France-მა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.

თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი ძალები “იმაზე უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა”.

ირანის უზენაეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული გამოცემის, Nournews-ის მიხედვით, გენერალმა მოჰამად პაკპურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ “ნებისმიერი არასწორი გაანგარიშება თავიდან აირიდონ”.

იტვირთბა....