ილიაუნის პროფესორმა გიორგი ხიშტოვანმა პალიტრანიუსის ეთერში თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებაზე განცხადება გააკეთა.
“მე ვფიქრობ, ეს არ არის გაერთიანება, ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება. ამავე განცხადებაში გაცხადდა, რომ ამ „გაერთიანებით“ მოხდება თსუ-ს რეპუტაციის, მისი საქმიანობის გავლენების და მასშტაბის გაფართოება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ საუბარი გვაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებასთან. რადგანაც ეს სენსიტიური თემა იყო, გადაწყვიტეს რომ გაერთიანება დაარქვან ამას.
მე ადრე თქვენთან ეთერშიც ვისაუბრე, რა იყო ამ უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი. ეს იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური გადარჩენა და „ქართუ ფონდისგან“ ამ ფინანსური ტვირთის მოხსნა. ჩვენ ვიცით, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძირითადად ტექნიკური მიმართულების განვითარებას გეგმავდა და მისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობა იყო პრობლემა. იმიტომ, რომ ქვეყანაში ჩვენ გვქონდა ასეთი ტრადიციული, 100 წლის და უფრო მეტის სასწავლებელი, თავისი რეპუტაციით, თავის პრობლემებით, მაგრამ ალტერნატიული ტექნიკური პროფილის უნივერსიტეტის შექმნა რთული აღმოჩნდა.
შესაბამისად, ერთი მნიშვნელოვანი ამხსნელი მაქვს ის, რომ ამ შემთხვევაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ახალი ბენეფიტი დაემატა, მათ შორის ისიც, რომ მომავალი წლიდან მასში სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს) ჩამოაშორეს კონკურენტი. ანუ, დღევანდელი განცხადების საფუძველზე, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოში აღარ არსებობს.
და მეორე, რატომ მგონია, რომ ეს პროცესი წახალისდა – ჩვენ ვიცით, რომ ახლა აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, ამ აბსურდული, „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის“ მოდელის ფარგლებში, რომელ უნივერსიტეტებს რა პროგრამის გამოცხადების შესაძლებლობა ექნება მომავალ წელს. აქ ერთმანეთის მთავარი კონკურენტები იყვნენ, ტექნიკური უნივერსიტეტი და თსუ, რადგან სხვა უნივერსიტეტებს ან დიდი გავლენა არ აქვთ პოლიტიკური ან არ არიან „ქართული ოცნების“ მთავრობის სამიზნეში მოხვედრილნი.
შესაბამისად, აქაც იყო პრობლემა, რომელ უნივერსიტეტს, რა პროგრამის განხორციელების უფლება ექნება, ეს პრობლემაც გადაიჭრა. თუ ისინი გაერთიანდებიან (სინამდვილეში დარჩა მხოლოდ თსუ), გადანაწილების დროს, კულუარული მოლაპარაკებებიც ზედმეტი ხდება, ყველაფერი ერთ კალათაშია“ – ამის შესახებ ილიაუნის პროფესორმა გიორგი ხიშტოვანმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა
დღეს განათლების მინისტრის პოსტზე მყოფმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.

