გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს შორის პეკინში შეხვედრა გაიმართა, რაც 2018 წლის შემდეგ ბრიტანეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ჩინეთში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მსოფლიო მასშტაბით მზარდი ტურბულენტობისა და გაურკვევლობის ფონზე “ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის” აუცილებლობაზე ისაუბრეს, რაც, მათი თქმით, ხელს შეუწყობს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
“ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და აუცილებელია, რომ გვქონდეს უფრო დახვეწილი ურთიერთობა, რომლის დროსაც შევძლებთ თანამშრომლობას და, ამავე დროს, გვექნება მნიშვნელოვანი დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებშიც უთანხმოება გვაქვს.” – უთხრა სტარმერმა სი ძინფინგს შეხვედრისას.
“ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ შედეგს, რომელიც ისტორიის გამოცდას გაუძლებს.” – უთხრა ჩინეთის ლიდერმა სტარმერს, უმაღლესი მინისტრების გარემოცვაში, სახალხო კრების დიდ დარბაზში გამართული შეხვედრის დროს.

