ახალი ამბები მთავარი

“წარმოუდგენელია მარტა კოსის განცხადებაც” – გია ვოლსკი

ყოველგვარ ლოგიკას სცდება, როდესაც არამარტო ჩვენი ოპონენტები, არამედ საერთაშორისო პარტნიორები გამოდიან და აცხადებენ, რომ ქვეყანა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უნდა მართონ და დააფინანსონ ის ჯგუფები, რომლებიც ამ ექსტრემისტულ პროცესებს ავითარებენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „გრანტების შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით “წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა თუნდაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა.”

“თუკი ხელისუფლება მოითხოვს, რომ საქართველოს საზოგადოებამ იცოდეს, რა თანხა შემოდის და რა პროექტებს ხმარდება, მაშინ გამოსავალი ის კი არ არის, რომ ისაუბრონ და გამჭვირვალობა შესძინონ თანხების ოდენობას და პროექტებს, არამედ ის, რომ სხვა გზა უნდა მოიძებნოს, რომ ეს რესურსი შემოვიდეს საქართველოში, რომელიც რევოლუციური პროცესის განვითარებას ხმარდება. ამის თაობაზე წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა თუნდაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა. ის კი არა, რომ ითანამშრომლოს და ელემენტარული მოთხოვნა შეასრულოს და თან ლოგიკური ნაბიჯი გადადგას იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსური რესურსის გამოყენებით თანამშრომლობა გამჭვირვალე იყოს. არა – პირდაპირ გეუბნება, რომ იმ თანხას შემოვიტან და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნიო. ეს ხომ შავი ფულია? მით უმეტეს ეს შავი ფული საქართველოში დესტაბილიზაციას ემსახურება. რა საკვირველია, ამასთან დაკავშირებით კანონი უნდა მიიღო”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რომელიც კანონში დაგეგმილი ცვლილებებით პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას შეეხება, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც არათუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, არამედ აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში, „რომელიც ქვეყნის დაზიანებას და სერიოზული პრობლემების შექმნას ლამობდა გარედან შემოტანილი თანხით და არა იმ რესურსით, რომელიც მას ანდო ამომრჩეველმა, მხარდამჭერმა სტრუქტურამ ან საზოგადოების ნაწილმა“.

„ფული შემოიტანა იმისთვის, რომ ქვეყანას დაუპირისპირდეს და რევოლუცია მოაწყოს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმიანობის შემდეგ მისი პოზიცია შეიცვლება. თუ რაიმე სადავოა, ამისთვის არსებობს პარლამენტი, კომიტეტებში განხილვა, სამუშაო ჯგუფებში და პლენარულ სხდომაზე განხილვა და თვალყური უნდა მივადევნოთ, როგორ განვითარდება დავა”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ცვლილება შევა „გრანტების შესახებ“ კანონში. უფრო კონკრეტულად, ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევა კი, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც.ასევე, ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.გარდა ამისა, იგეგმება მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებაც: მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. დაჯარიმდება 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით.

იტვირთბა....