კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც სპეციალურად დაამთხვიეს აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის ვიზიტს – არ მჯერა დამთხვევების, რომ ჩამოსულია ამერიკის დელეგაცია და მაინცდამაინც მაგ დღეს გამოდიან და ატარებენ ბრიფინგს, აცხადებენ ახალი რეგულაციის პაკეტს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ მოკლან ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ზურა-გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაცია ინფორმაციას ყველა საკითხთან დაკავშირებით ფლობდა.
„ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ჩვენი მხრიდან საუბარი პირველ რიგში იყო იმ საკითხზე, რომ ორი ქვეყანა არის ახლა, ვენესუელა და სირია, სადაც შესაძლებელია მუშაობა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ, ჩვენი მხრიდან საუბრის მეორე საკითხი იყო დემოკრატიის უკუსვლა, ადამიანის უფლებები, თუ რა ვითარებაა.
ცხადია, პირველ რიგში, კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც ჩემი აზრით სპეციალურად დაამთხვიეს ამ დელეგაციის ვიზიტს საქართველოში. ჩემი აზრით, რუსების მხრიდან არის სიგნალი კონკრეტულად ამერიკელებისთვის, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვიდევს ჯიბეში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ.
ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, დეტალები იყო, რაზეც დამატებით ინფორმაცია მივაწოდეთ. ამერიკა რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, ქართველი ხალხის პარტნიორად. მათ აინტერესებთ საქართველო იყოს განვითარებული დემოკრატია, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ“,-აღნიშნა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ცვლილება შევა „გრანტების შესახებ“ კანონში. უფრო კონკრეტულად, ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევა კი, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც.
ასევე, ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, იგეგმება მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებაც: მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. დაჯარიმდება 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით.

