საქართველო თავიდან ბოლომდე მოწყდა დასავლურ ორბიტას და რუსეთის გუბერნიის სტატუსისკენ მიექანება – ბუნებრივია, ჩვენს მეგობრებს აინტერესებთ საკითხი, ჩვენგან ინფორმაციის მიღება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებზე, პოლიტიკურ პატიმრებზე და სხვა მნიშვნელოვან აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.
ბარამიძემ მედიასთან კომენტარში, ასევე, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება „პუტინზე უარეს კანონებს იღებს, რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან ეშინიათ და ამიტომ, ადამიანის უფლებებს მაქსიმალურად ზღუდავენ“.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. გუშინ გავიგეთ, რომ ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა აპირებს კიდევ უფრო მეტად შეზღუდოს ქვეყანაში ადამიანის უფლებები. რუსეთს გაუსწრეს, ალბათ, თურქმენეთს და მსგავს სახელმწიფოს თუ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. ეს ვითარება, ბუნებრივია, აწუხებს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს, ევროპელი იქნება ეს, თუ ამერიკელი. რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ უსაფრთხოების საკითხებზე, პოლიტპატიმრებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. საქართველო თავიდან ბოლომდე მოწყდა დასავლურ ორბიტას და რუსეთის გუბერნიის სტატუსისკენ მიექანება. ასეთ მდგომარეობაშია ქვეყანა და ბუნებრივია, ჩვენს მეგობრებს აინტერესებთ საკითხი, ჩვენგან ინფორმაციის მიღება.
ეს დრაკონული, ანტიკონსტიტუციური კანონი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, რა თქმა უნდა, იბრძოლებს კანონიერი, კონსტიტუციური მეთოდებით ამგვარი უკანონო, ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის წინააღმდეგ“ – განაცხადა ბარამიძემ.

