დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.
დაგეგმილ ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.
„პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში.
კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
„განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ – ჩანაცვლდება ტერმინით – „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ დაზუსტებას, გაფართოებასა და მისი ეფექტიანობის ზრდას.
კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, გავრცელდება აგრეთვე განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტზე.
უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით”,- განაცხადა კირცხალიამ.

