ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის

ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან საქართველოში არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად, – განაცხადა ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.

კერძოდ, მისი თქმით, ცვლილებები შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასული 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობა. რევოლუციურ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, ისე უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. ენჯეოები. საბედნიეროდ, სახელმწიფომ რევოლუციის ყველა მცდელობა წარმატებით აღკვეთა, რაშიც უმნიშვნელოვანესი წვლილი განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობამ შეიტანა.

ყველას კარგად გვახსოვს, საქართველოს უცხოელი არაკეთილმოსურნეების როგორი წინააღმდეგობა მოჰყვა გამჭვირვალობის შესახებ კანონის პირველ რედაქციას, რომელიც ერთადერთ რამეს – უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების მიერ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენას ითვალისწინებდა. დადასტურდა, რომ როგორც კონკრეტულ უცხოელ დონორებს, ისე მათ აგენტურას დასამალი ბევრი ჰქონდა. საბედნიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ მალევე გაარჩია სიმართლე ცრუ პროპაგანდისგან და ხელისუფლებამ უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი წარმატებით დაამტკიცა.

მას შემდეგ, მოვლენები გლობალურ პოლიტიკაში დინამიურად განვითარდა. საქართველოს შემდეგ, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები, ერთმანეთის მიყოლებით, არაერთმა ქვეყანამ მიიღო. მათ შორის იყო საფრანგეთი, თურქეთი, სერბეთი და სხვა.

საზოგადოება კარგად ხედავდა, რომ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს USAID, NED, EED და სხვა უცხოური ფონდები აფინანსებდნენ. ამ ყველაფერს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ საბოლოოდ ახადა ფარდა, როდესაც მან ამერიკული ფონდები სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობასა და სისტემურ კორუფციაში ამხილა და ამ საფუძვლით დახურა.

დღევანდელი მოცემულობით, უცხოეთიდან საქართველოში არეულობის, ძალადობისა და რევოლუციური პროცესების დაფინანსება მნიშვნელოვნად არის გართულებული. თუმცა, პრაქტიკაში ვხედავთ, რომ კვლავ რჩება გარკვეული მექანიზმები, კანონების გვერდის ავლის გზები, რომელთა გამოყენება ჩვენს ქვეყანას უდიდესი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნებული მშვიდობის, სიმშვიდის, ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან საქართველოში არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით:

ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ:

ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს (ეს განმარტება სიტყვა-სიტყვით იმეორებს FARA-ს ამერიკულ კანონში პოლიტიკური საქმიანობის განმარტებას). ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.

ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.

თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას – ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით:

„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში

კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

„განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ – ჩანაცვლდება ტერმინით – „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ დაზუსტებას, გაფართოებასა და მისი ეფექტიანობის ზრდას.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, გავრცელდება აგრეთვე განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტზე.

უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.

ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა კირცხალიამ.

იტვირთბა....