ზოგადი განათლების კონცეფციასთან დაკავშირებით იცით, რომ გარკვეული დეტალების გამჟღავნება უკვე ეტაპობრივად მოხდა, საზოგადოების რეაქციაც ვნახეთ და პოზიტიური რეაქცია, რომელიც ბევრს აქვს მათ შორის სასკოლო ფორმის შემოღებასთან დაკავშირებით, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და თავად იყოს პასუხისმგებელი სახელმძღვანელოებზე, თავად იყოს შემოქმედი ამ სახელმძღვანელოების, უზრუნველყოს, რომ ერთიანი სტანდარტით და ერთგვაროვანი სახელმძღვანელოებით ხდებოდეს სწავლება და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც მთლიანად ამ რეფორმაშია – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ისტორიული რეფორმა მიმდინარეობს, როგორც ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით.
„რამდენი საკითხი წარმოიშვა და მხოლოდ ორი თემაა, რომელზეც მანიპულაციურად შეეცადნენ, რომ წამოეწიათ. ერთი ზოგად განათლებაზე მე-12 კლასის საკითხი და ამის სპეკულაციური მიბმა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი აპრიორი საზღვარგარეთ უნდა მიდიოდეს უმაღლესი განათლების მისაღებად. ამის საპასუხოდ ითქვა, რომ ვისაც სურს საზღვარგარეთ განათლების მიღება, მათთვის იქნება მე-12 კლასის არჩევის შესაძლებლობა და მეორე, უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებითაც ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ხანგრძლივობებზეც ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ყველაფერი არის ბოლონიის პროცესის ფარგლებში და ყველაფერია იმისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება საქართველოშივე.
ადამიანები, რომლებსაც გვაქვს საზღვარგარეთ განათლება მიღებული გვაქვს სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე მიღებული განათლება. ვინც აქედან ჩადიოდა უცხო ქვეყანაში სასწავლებლად, არაფრით ჩამოუვარდებოდა ადგილობრივ სტუდენტებს. სტუდენტებს აქ უნდა ჰქონდეთ ყველა პირობა ხარისხის და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, თუმცა ზოგადად თვალსაწიერის გაფართოებისთვის ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წასვლის და დამატებითი განათლების მიღების.
კრიტიკოსების მთელი არსი არის, რომ ჩვენი ზოგადი თუ უმაღლესი განათლების სისტემა მორგებული უნდა იყოს იმაზე, რომ როგორმე აქედან წავიდეს ადამიანი საზღვარგარეთ. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განათლების სისტემის ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველოს მოქალაქემ საქართველოში მიიღოს უმაღლესი დონის ზოგადი და უმაღლესი განათლება. ამ მიზანს მივაღწევთ ძალიან მოკლე ვადებში ამ დაანონსებული რეფორმით“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

