”უნივერსიტეტში მომხდარი პროცესები სამთავრობო და არამარტო სამთავრობო ძალებისგან იყო მართული.“ – ამის შესახებ თსუ-ს ამჟამინდელმა რექტორმა, ლადო პაპავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პაპავას განმარტებით, სტუდენტების ორივე ჯგუფს კონკრეტული ძალა მართავს:
„ყველა სტუდენტურ ჯგუფს ვგულისხმობ. მათ არ ვადანაშაულებ, მიმაჩნია,რომ გულწრფელები იყვნენ, მაგრამ ვიღაცას აწყობდა მათი ასეთი ქმედებები. იმ ორგანოებამდე მიდის ამის შესაძლებლობა, ვისაც ხელეწიფებოდათ ამის მართვა“.
ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ სტუდენტური აქციების ერთ-ერთი მთავარი მიზანი რექტორის გადაყენება იყო:
„მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ დაიწყო პროცესები – სტუდენტების 2 ჯგუფი გაერთიანდა მოთხოვნით, რომ ოდეერები უნივერსიტეტიდან წასულიყვნენ, მოგვიანებით კი ორივე ჯგუფმა ერთდროულად მოითხოვა რექტორის გადადგომა. თუმცა, როგორც კი თანამდებობიდან გადადგომა დავაანონსე, ყველა გაჩუმდა და ოდეერის საკითხიც არავის გახსენებია. აღმოჩნდა, რომ თურმე უნივერსიტეტში პაპავას პრობლემა იყო და არა ოდეერების. დასკვნა მარტივია, რომ ეს ჩემს წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია იყო. ისიც კი იკადრეს, რომ სტუდენტების ნაწილი საშიმშილოდ დაესვათ.
ჩემ წინააღმდეგ ეს პროცესები მართული იყო იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელია ამ პროცესებისგან, არავის არ აწყობს. ამას ყოველთვის ვამბობდი.“ – განაცხადა პაპავამ.
რექტორის თქმით, უნივერსიტეტის გარშემო ბიზნეს-ინტერესებიც არსებობს:
„ჩემი ინფორმაციით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებაზე ლიცენზია მოქმედი სამთავრობო ორგანოების მხრიდან გაიცა. ყველაზე მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ ვიგრძენი.
გაზგასამართი სადგურის მშენებლობა სტუდენტებმაც გააპროტესტეს და ეს პროცესი შეჩერდა. ტყე არის მაღლივი კორპუსის გარშემო? სულ ორი-სამი ხეა. ისიც იჭრება.
ყველაფერი მართული იყო იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღემდე სამთავრობო სტრუქტურებში არიან, თუმცა მათ დასახელებას ამ ეტაპზე მოვერიდები. მოვა დრო და ამ ყველაფერზე აუცილებლად ვისაუბრებ.“ – აღნიშნა ლადო პაპავამ.