,,ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აჭარაში დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის გაცნობისას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აჭარაში დაგეგმილ სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა. სულხან თამაზაშვილმა და რევაზ სოხაძემ მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორიები დაათვალიერეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდას და მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს 500 მაყურებელზე გათვლილ სპორტულ ინფრასტრუქტურას, საცურაო აუზებს, ფიტნესისა და კულტურულ-შემეცნებითი დანიშნულების სივრცეებს.
ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში რაგბის მოედანი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული რაგბის მოედნის ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი. მის ნაცვლად ახალი, 250 მაყურებელზე გათვლილი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით. აშენდება 450 კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსდება გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, მსაჯების, მწვრთნელებისა და ექიმების ოთახები და სხვა დამხმარე სივრცეები.
ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე.

