ხალხი, ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით ის, პრემიერის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის აღნიშნავს, რომ უნდა დაბრუნდეს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„კობახიძეს უთქვამს, რომ დებატები უნდა დაბრუნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ხალხი, ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს. ნიკა გვარამია ციხეში ზის.
გახსენით ტელეკომპანია „იმედი“ და მზად ვართ ხალხს ველაპარაკოთ:
– პოლიტიკურ პატიმრებზე;
– რეპრესიულ კანონმდებლობაზე;
– საქართველოს იზოლაციაზე;
– გამქრალ საერთაშორისო პერსპექტივებზე;
– ახალგაზრდებზე, ვინც ქვეყანას ტოვებენ;
– პენსიონერებზე, ვინც წამლებს ვერ ყიდულობენ;
– გენერალურ პროკურორზე, რომელიც რუსეთის აგენტია და მკვლელობას უკვეთს;
– კორუფციაზე და ბაღებში ბავშვების საკვების წართმევით გამდიდრებულ თანამდებობის პირებზე;
– ქიმიურ მოწამვლაზე;
– ნამდვილ მშვიდობაზე, რომელზეც ივანიშვილმა უარი თქვა.
და იმ ხალხზე, ვისაც სურსათის ყიდვა არ შეუძლია კატასტროფული ფასები გამო.
გახსენით „იმედის“ არხი”, – წერს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
„ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,- აღნიშნავს პრემიერი.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.
მისივე განცხადებით, არაფორმალური მმართველების ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა, „რომელსაც პატრონებისგან სრული რადიკალიზაცია ჰქონდა დავალებული“.

