ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
იუნკერის თქმით, არ შეიძლება, ევროკავშირი დაემორჩილოს აშშ-ის „ნეოკოლონიალურ ქცევას“.
ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპელებს, აშშ-თან დაძაბულობა დიპლომატიის გზით მოაგვარონ და ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირს უჭირავს კარტები ხელში“.
„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რაც გაგვაჩნია, რომლებიც მძიმედ დააზარალებს აშშ-ის ეკონომიკას და ჩვენ არ უნდა შევიკავოთ თავი საჭიროების შემთხევაში ამ ინსტრუმენტების გამოყენებისგან“, – განაცხადა იუნკერმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპთან „მეგობრულად საუბარი ბოლო პერიოდში სულ უფრო რთული გახდა, ამიტომ ევროკავშირი უფრო მტკიცე უნდა იყოს მასთან ურთიერთობებში და უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ „ევროკავშირს ვერ დაიქვემდებარებ რაიმე სახის ნეოკოლონიალური ქცევით“.
„ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის. მან ეს იცის, მაგრამ არ ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ“, – თქვა ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელიც ამჟამად ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მრჩევლის პოსტს იკავებს, ასევე ისაუბრა ტრამპის სურვილზე, დაეუფლოს გრენლანდიას და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ძალის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მუქარამ, შესაძლოა, ნატო-ს არსებობა დაასრულოს.
„თუ ნატო-ს მოკავშირე თავს დაესხმება ან დაემუქრება ნატო-ს სხვა მოკავშირეს, ეს ნიშნავს პროცესის დაწყებას, რომლის შედეგადაც ჩვენ, შეიძლება, გავხდეთ ნატო-ს დაშლის თვითმხილველები“, – განაცხადა იუნკერმა.

