“თვითმმართველობა ერთი ხელის მოსმით არ უნდა მოისპოს”, – ამის შესახებ პრემიერისა და “აუდიტორია 115”-ის შეხვედრის შეფასებისას თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განუცხადა.
“პრემიერის მოსვლა დადებითი ფაქტია. რაც შეეხება მოთხოვნებს, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს არსებული თვითმმართველობის სისტემის გაუქმება ან შეცვლა, აქ საქმე გვაქვს ავტონომიის შინაარსის ვერ გაგებასთან. ავტონომია გულისხმობს, რომ თავად სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ რა მოდელის თვითმმართველობა ჰქონდეთ. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. თსუ-ში არ უნდა წყდებოდეს, პირობითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში როგორი თვითმმართველობა იქნება. ეს არის ცალკეული უნივერსიტეტების გადასაწყვეტი, თვითონ რა მოდელი ექნებათ”, – განაცხადა საბაურმა.
მომავალ კვირაs პრემიერსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს. საბაურის თქმით, ვინც დაინტერესებული იქნება, ისინი მზად არიან გააცნონ არსებული სტრუქტურა.
“ჩვენ გვაქვს სურვილი, ვინც დაინტერესდება გავაცნოთ არსებული სტრუქტურა რას გულისხმობს. ხარვეზები არის, მაგრამ არა ისე, რომ ერთი ხელის მოსმით უნდა მოისპოს”, – განაცხადა საბაურმა