უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპის ერთიანობა აუცილებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ამერიკელებსა და ევროპელებს შორის ერთიანობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია. ამას მუდმივად ვიმეორებ, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო ძალისხმევას. ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ სამშვიდობო ძალისხმევის სათავეში ევროპელები სჭირდებათ, რადგან ეს ევროპის კონტინენტზე ხდება, რადგან ჩვენ ვართ უსაფრთხოების გარანტიების მიმწოდებლები, რადგან ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ასევე შეუძლია სანქციების განხილვა, ჩვენ ვართ ისინი, ვის ხელშიცაა რუსების გაყინული აქტივები, ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია და სწორედ ამ პარტნიორობის მეშვეობით ვიქნებით ეფექტიანები. ამიტომ, არ არსებობს უნდობლობა, პირიქით, არის თანამშრომლობა უკრაინის, საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების სამსახურში.
მე ყველაფერს უარვყოფ. არსებობს მშვიდობის მხარე. მშვიდობის მხარეს არიან უკრაინა, ევროპელები, ამერიკელები, „მსურველთა კოალიციის“ ყველა მოკავშირე. არის ერთი ქვეყანა, რომელიც ომს აწარმოებს, ფაქტობრივად, 2014 წლიდან და რომელიც აგრძელებს ამას და უარს ამბობს მშვიდობაზე. ეს არის რუსეთი. მე მჯერა, რომ ამ კონფლიქტში ჩვენ უნდა დავრჩეთ უკიდურესად მარტივები და პრაგმატულები. ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენ ვჭირდებით, რათა ეს მშვიდობა იყოს მტკიცე და მდგრადი“, – განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, გუშინ, გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა” გაავრცელა ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც პირველ დეკემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, ფინეთის პრეზიდენტი, უკრაინის ლიდერი და სხვები. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტენოგრამაში ევროპელი ლიდერები განიხილავენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს. როგორც გამოცემა წერს, სატელეფონო საუბარში ემანუელ მაკრონი აცხადებდა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, უღალატოს უკრაინას. ელისეს სასახლეში „შპიგელს“ უთხრეს, რომ მაკრონს სიტყვა „ღალატი“ არ გამოუყენებია.

