უკრაინელების 51,4% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს საპროტესტო აქციებში, თუ უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მიუღებელ კომპრომისებზე წავა. ამას აჩვენებს ცენტრ „ახალი ევროპის“ დაკვეთით Info Sapiens-ის მიერ ჩატარებული სოცილოგიური გამოკითხვის შედეგები.
კვლევის თანახმად, დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის მზად არ არის გამოკითხულთა 44,3%, პასუხის გაცემა უჭირს – 4,4%-ს. ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით უარის თქმა აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნია რესპონდენტთა 40,2%-ს. ერთი წლის წინ ასეთ მოსაზრებას გამოკითხულთა 53,2% იზიარებდა, კიდევ ერთი წლით ადრე – 76,2%. ამასთან, სავსებით მისაღებად ასეთი დათმობა მიაჩნია გამოკითხულთა 5,1%-ს. კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობის უკრაინელი – მხოლოდ 2% მზად არის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად სამართლებრივი აღიარებისთვის. ამის კატეგორიული წინააღმდეგია რესპონდენტთა 76,6%.
ამასთან, იკლებს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნია ნატო-ს წევრობაზე უარის თქმა – ახლა ასეთ პოზიციას გამოკითხულთა 41,1% იზიარებს, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 48,7%-ს შეადგენდა, ორი წლის წინ კი – 56,9%-ს. ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმა აბსოლუტურად მიუღებელია გამოკითხულთა 51%-სთვის, რაც გასული წლის მაჩვენებელზე (50,7%) მეტია. ასევე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ უკრაინელთა რაოდენობა, რომელთათვის აბსოლუტურად მიუღებელია არმიის შემცირება – 74,5%-დან 77,9%-მდე.

