პარტიაია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს“, საერთაშორისო გამოძიება უნდა დაიწყოს.
როგორც შარაშიძემ განმარტა, BBC-ის მიერ ჩატარებული გამოძიება საერთაშორისო გამოძიების დაწყების საფუძველია.
„ჩვენ ამ დეტალებში ვერ შევალთ მანამ, სანამ საერთაშორისო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არ ჩატარდება. რაც არ უნდა კითხვის ნიშნები გაჩნდეს BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, იმაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ საერთაშორისო გამოძიების საფუძველი არის. ახლა დანარჩენი რთული სათქმელია, ეს ბევრ დეტალს შეიცავს, მათ შორის, „კამიტთან“ დაკავშირებით. საქართველოში როგორ ჩატარდება ეს გამოძიება და საკუთარ თავს როგორ გამოიძინებენ, ეს გასაგებია, ამიტომ, როგორც მინიმუმ, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ BBC-ის ეს გამოძიება საერთაშორისო გამოძიების დაწყების საფუძველია და დანარჩენი საერთაშორისო გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნება მუდმივი, გაუთავებელი კითხვები. მოდით, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ამ კითხვების არსებობაც სამართლიანი და გონივრულია“ – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისივე თქმით, ადგილობრივ გამოძიებას არანაირი აზრი არ აქვს.
„ადგილობრივ გამოძიებას არანაირი აზრი არ აქვს. ერთი იმიტომ, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არანაირი ნდობა არ აქვს. მეორე: საქმე ეხება „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს. შესაბამისად, იქნება სუბიექტური. თუ ამ გამოძიებას „ოცნება“ რამისთვის გამოიყენებს, იქნება პროპაგანდა. შეიძლება ვიხილოთ სურათი, როდესაც სათავისოდ შემოიტრიალონ ეს საქმე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო.

