ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის არ დაესწრება ევროპის დღის ღონისძიებას, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით იმართება.
კობახიძის თქმით, დაირღვა პროტოკოლის სტანდარტი, რადგან საელჩოს ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი მთავრობას არ მიუღია.
„ პროტოკოლის სტანდარტები არის დარღვეული. პროტოკოლი არის, როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა საბჭოური მიდგომებით“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპის დღე ყოველ 9 მაისს აღინიშნება.
12:00-დან ევროპის დღე აღნიშნება “ექსპო ჯორჯიაში”, სადაც დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება.
გარდა ამისა, ევროპის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 19:00-ზე, ევროპის მოედანზე მასშტაბური აქცია იმართება, ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“.