„ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პარტია უარყოფს ლელუაშვილის ჩართვას 2016 წლის არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ.
„ქართული ოცნება ცალსახად აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან. გარდაბნის არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო შტაბის მუშაობას წარმართავდა პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ხოლო ადგილობრივ შტაბს ხელმძღვანელობდა – ვანო მირიანაშვილი. ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით (!) არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის ავტორებთან ერთად, აღნიშნული ცრუ ინფორმაცია არაერთგზის გააჟღერეს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც. ქართული ოცნება მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, დაიცვან პოლიტიკური ეთიკის სტანდარტები და ნებსით თუ უნებლიეთ არ შეუწყონ ხელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა ლელუაშვილი დღეს ფარული ჩანაწერების საქმეზე სხვა პირებთან ერთად დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობდნენ, რომ ის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გარდაბნის არჩევნებში იყო ჩართული.
„ვაჟა ლელუაშვილი ბოლო გარდაბნის გამგებლის არჩევნებში იყო შტაბის არაფორმალური უფროსი. რეალურად, მან ჩაატარა იქ საარჩევნო კამპანია. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ის პირველივე დღიდან გადაბარგდა ქართულ ოცნებაში, მან ჩაატარა საარჩევნო კამპანია. ეს კამპანია აღინიშნა იმით, რომ ჩვენს მხარდამჭერებს პირდაპირ დევნიდნენ, მე უშუალოდ ვხელმძღვანელობდი არჩევნებს, როგორც აღმასრულებელი მდივანი და ვნახე, რომ იქითა მხარეს იყო ვაჟა ლელუაშვილი. მე ვიყავი ერთი მხარე, რომელიც პასუხისმგებელი იყო არჩევნებზე, ხოლო მეორე მხარე – ვაჟა ლელუაშვილი. მე იქ ვნახე სუს-ი მოქმედებაში. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა სხვადასხვა პირებზე. ბოლოს ვნახეთ პირდაპირი ფიზიკური ძალადობა, შეიარაღებული ადამიანები, მადლობა მინდა გადავუხადო იქ მყოფ ყველა ჟურნალისტს, რადგან რომ არა ისინი, ის დღე რით დამთავრდებოდა, კაცმა არ იცის. ეს ადამიანი არის დღეს დაკავებული და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ 3 წლის განმავლობაში, ის არის ამ ხელისუფლების პირდაპირი მოკავშირე, ერთმნიშვნელოვნად“ – განაცხადა სერგო რატიანმა.