იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოსამართლის შერჩევის პროცესი დარღვევებით წარიმართა. მისი მტკიცებით, ამ დარღვევების გამო, შესაძლოა ევროსაბჭომ საქართველოს უკან დაუბრუნოს წარდგენილ კანდიდატთა სია.
”მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარებული, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოსამართლის შერჩევის პროცედურა ევროსაბჭოს და საქართველოს მოქმედი რეგულაციების უხეში დარღვევით განხორციელდა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანდიდატთა „მორალური და პროფესიული რეპუტაციის“ შესაფასებლად დაწერილი ქულები დღემდე არ გაასაჯაროვა; საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია თითოეული ინტერვიუს აუდიოჩანაწერი, რაც საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს. არავითარ ეჭვს არ იწვევს ის, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული პროცედურა ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესს უხეშად არღვევს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოსამართლის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობის პრონციპის დაცვით ჩატარება, ვინაიდან არსებული ინფორმაციის საფუძველზე, უკვე შეიქმნა რეალური საფრთხე იმის, რომ ევროსაბჭო საქართველოს უკან დაუბრუნებს წარდგენილ კანდიდატთა სიას, რაც სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის” – განაცხადა ჯანდიერმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.