რამიშვილი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ სამხარაძეს პროკურატურაში მოუწევს განმარტოს რა სახის ჩანაწერები აქვს. „გავიგე მოარული ხმები ასეთი ჩანაწერის არსებობის შესახებ და იმის შესახებ, რომ თათია სამხარაძე სექსუალურ შევიწროებაში მდებდა ბრალს. ეს მოხდა დაახლოებით 4-5 დღის წინ. დაუყონებლივ შევიტანე საჩივარი პროკურატურაში და საჯაროდ მოვუწოდე თათია სამხარაძეს, რომ თუ აქვს ეს ჩანაწერი, მიმართოს პროკურატურას.
ამის შემდეგ ეწყობა ეს სრულიად უცნაური პრესკონფერენცია, საიდანაც თათია სამხარაძის მხრიდან ისმის ტყუილი. თუ მე მართლა მოძალადე ვარ, მას ამის დამტკიცება მოუწევს. მტკიცების ტვირთი არის მასზე. ეს არის სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ბრალდება, ის უნდა მივიდეს პროკურატურაში და განაცხადოს ჩემ მიერ ვითომცდა ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
მე განვაცხადე პირველად პროკურატურაში, როგორც ალალ-მართალმა კაცმა. მას დაიბარებს პროკურატურა და უკვე პროკურატურაში გავარკვევთ, რა ჩანაწერთან გვაქვს საქმე.
მე და ჩემმა იურისტების გუნდმა ორი ტომი დავაგროვეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. არანაირი ძალადობა არ ჩამიდენია, ეს არის ტყუილი, ცილისწამება და მე ამას დავამტკიცებ სამართლებრივი ორგანოებით”. – აცხადებს რამიშვილი “ინფო 9”-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, მსახიობი თათია სამხარაძე ჟურნალისტ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სამხარაძემ ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.