„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართავს.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, ამის მიზეზი ხაზარაძის კომისიის წინაშე გამოუცხადებლობაა.
„დღეს ახსნა – განმარტების მოსაცემად დაბარებული გვყავდა მამუკა ხაზარაძე. სამდივნომ რამდენიმე დღის წინ დაამყარა მასთან სატელეფონო კონტაქტი. აუხსნა, რომ ის მოწვეული იყო კომისიის ამ სხდომაზე შპს „მაგნატის საქმესთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძემ გაიკვირვა და სამდივნოს ჰკითხა, რა კავშირი ჰქონდა შპს „მაგნატის“ საქმესთან. ამის შემდეგ სამდივნომ მამუკა ხაზარაძეს ტელეფონის მეშვეობით შეატყობინა იმის შესახებ, რომ დღეს მოწვეული იყო 11:00 საათზე სხდომაზე. მან რამდენიმე წუთის, მაშინ, როცა ჯემალ ლეონიძე საუბრობდა, გამოაქვეყნა „ფეისბუკ“ პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ თურმე ეს კომისია ყოფილა ცირკი და ის ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. დასანანია, რომ მამუკა ხაზარაძე იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც ჯემალ ლეონიძე გვიამბობდა, ამ ყოველივეს სიტყვიერად შეურაცხყოფს და უწოდებს ცირკს და რომ ის მოსვლას არ აპირებს. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, მან უკვე „ფეისბუკს“ პოსტიდან გამომდინარე არ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანი, აპირებდა მოსვლას თუ არ აპირებდა. აქ ეჭვი არ არსებობს. კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. აქ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებულები. არსებობს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლი. ამ მუხლში წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის ერთ წლამდე პატიმრობაც, მხოლოდ იმისთვის, რომ უარს იტყვი გამოცხადებაზე, დოკუმენტის წარმოდგენაზე. გადაწყვეტილება მიღებულია – ჩვენი, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის და ცალსახად უარის თქმის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, კომისიის სხდომაზე ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ის ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ , მესაკუთრე იყო.
ლეონიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, მას ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ის წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს.