Economic ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 30 პროცენტით შემცირდა“ – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 333.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29.9 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის – სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას, კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 483.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 60.1 პროცენტით ნაკლებია, ხოლო რეინვესტიციამ 1 170.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 26.4 პროცენტით ნაკლებია.

2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, 58.2 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 33.6 პროცენტით, მეორეზე – მალტა 13.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ნიდერლანდები 11.4 პროცენტით.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, 2024 წელს 63.9 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 170.2 მილიონი აშშ დოლარით (12.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე – უძრავი ქონების სექტორი 155.3 მილიონი აშშ დოლარით (11.6 პროცენტი).

იტვირთბა....