ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რას ამბობს ილია II: როგორ უნდა აღინიშნოს ხარების დღესასწაული

 

ხარების დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობს მართლმადიდებელი ეკლესია და მორწმუნეები. დღესასწაულს, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს, უკავშრდება, მორწმუნენი ეკლესიებში წირვაზე დასწრებით აღნიშნავენ.

როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ამ დღეს მორწმუნენი  არა მხოლოდ ფიზიკურად უნდა იყვნენ ტაძარში, არამედ სულიერად და გონებრივად გაიაზრონ, თუ რა მოვლენასთან აქვთ საქმე.

ხარების  დღესასწაული მძიმე მარხვას ემთხვევა. მაგრამ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა: „ხარების დღესასწაულზე გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა”.

მართლმადიდებლური ეკლესია ხარებას დღეს, 7 აპრილს აღნიშნავს.

სახარების  მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა მარიამ ღვთისმშობელს, რომ  მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

პატარა ქალაქ ნაზარეთში მცხოვრებ ქალწულ მარიამს უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: “გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.” მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: “ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული”. მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: “როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?” ანგელოზმა მიუგო: “სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.” მაშინ მარიამმა თქვა: “აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ” და განეშორა მას ანგელოზი.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა პატრიარქმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა.

იტვირთბა....