ლონდონის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო და მის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე ჰოვარდ რიდლი თავის გადაწყვეტილებას დეტალურად განმარტავს 31-გვერდიან დოკუმენტში.
სამოტივაციო ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და ექსტრადირების შემთხვევაში არსებობდა რისკი, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური სპეკულაციისგან თავისუფალი არ იქნებოდა.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა დავით კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა. “მათ შორის საუბარი არ არის მხოლოდ კეზერაშვილზე, აქ მოყვანილია მთელი მონაცემები წინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებისა, რომლებიც დღემდე განიცდიან პოლიტიკურ დევნას.“ – აცხადებს მინდელი.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ახალი ბრალი რამდენიმე თვის წინ წარუდგინა. უწყების განმარტებით, საქმე მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ეხება.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნეს-საქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული.
ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.