ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და “ქართული ოცნების” დელეგაციის ცნობისთვის კონკრეტული დათქმები.
რეზოლუციის თანახმად, „ოცნების” დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა მისცა 114-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო – 13.
კერძოდ, რეზოლუციაში საუბარია, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია უნდა აღიაროს, თუმცა პირობებით, რომ:
– მომდევნო თვეებში მოხდება ახალი, რეალურად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებით; ამასთან, 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.
აპრილში, ანუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე, PACE გადახედავს უფლებამოსილების საკითხს და რეზოლუციაში წარდგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს მისი ჩამორთმევის საკითხი.