საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი რიყის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება.
მისი თქმით, უნდა დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
“სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.
მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის აპარატი ყოველმხრივ შეისწავლის ამ ტრაგიკულ შემთხვევას, როგორც უწყებების მიერ გატარებული შესაძლო პრევენციული/სარეაგირებო ზომების, ასევე, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გატარებული ღონისძიებების თაობაზე და მიმართავს ყველა სათანადო ზომას,” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი შაბათს, 25 იანვარს რიყის პარკში ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა.