2015 წელს სიკვდილით დასჯის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. Amnesty International-ის ახალი ანგარიშის მიხედვით ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, 2015 წელს სიკვდილით დასჯის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. 2015 წელს 1634 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, რაც 2014 წელთან შედარებით 50%-ით მეტია.
საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, სხვადასხვა ქვეყნებში სიკვდილით დასჯის მრავალი მეთოდი გამოიყენება: ჩამოხრჩობა, თავის მოკვეთა და სხვა.
სიკვდილით დასჯის შემთხვევების 90% შემდეგ ქვეყნებზე მოდის: ირანი, პაკისტანი და საუდის არაბეთი.
Amnesty International-ის ცნობით, 2015 წელს ირანში 977 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, (ამ პირთა რაოდენობის მეოთხედი 18 წლამდე ასაკის იყო) პაკისტანში 320, საუდის არაბეთში კი 158 ადამიანი. მიუხედავად ამ მონაცემებისა Amnesty International-ი მსოფლიოში მთავარ ჯალათად ჩინეთს მიიჩნევს. ორგანიზაციის შეფასებით, ჩინეთში 2015 წელს 1000-ობით ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მაგრამ მკვლევარებს რაოდენობის დათვლა არ შეუძლიათ, რადგან ჩინეთი ამ ინფორმაციას “სახელმწიფო საიდუმლოდ” მიიჩნევს.
Amnesty International-ის ინფორმაციით, სულ მცირე 20 292 პატიმარი 2016 წლის ბოლოსთვის სასიკვდილო განაჩენს ელის.