ბლოგები მთავარი

ომის პროპაგანდის პირისპირ – „1984“-ის ქართული ვარიაცია

ომზე გაუთავებელი საუბარი ადამიანში სიკვდილის შიშის გაღვიძებას იწვევს, იმიტომ რომ ომი, ერთმნიშვნელოვნად და პირდაპირ, სიკვდილს უკავშირდება. ეს კიდევ უფრო სახიფათოა საქართველოში, რადგან ქართული საზოგადოებისთვის ომი არ არის შორეულ წარსულში მომხდარი, ისტორიულ წიგნებში ამოკითხული ამბავი, არამედ მისგან მიყენებული ტრავმები ქართველი ხალხის ჯერ კიდევ ღია ჭრილობებია.

ამ მოცემულობაში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის (24.02.2022) შემდეგ, საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, გაავრცელა ნარატივი, რომლის მიხედვითაც, არსებობს ძალა – გლობალური ომის პარტია – რომელსაც აქვს არაფორმალური გავლენები დასავლეთში და ეს ძალა საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას სთხოვს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებისთვის დღემდე არ წარუდგენია ამ თეორიის ნამდვილობის დამადასტურებელი არანაირი ხელშესახები მტკიცებულება. არადა ეს ნარატივი „ოცნებამ“ 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის მაგისტრალურ ხაზად აქცია. პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ქვეყანაში ომი დაიწყებოდა, რადგან ოპოზიცია გლობალური ომის პარტიის აგენტებით იყო დაკომპლექტებული. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ბილბორდებზე გამოჩნდა ბანერები, რომლებზეც სამების ტაძრის გვერდით, უკრაინაში რუსების მიერ დაბომბილი ტაძარი იყო გამოსახული. ამავე ბანერებზე იკითხებოდა „ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო სლოგანი – „არა ომს, აირჩიე მშვიდობა.“ ამ კამპანიის პირობებში დაიბადა ცნობილი ფრაზაც – „აბა, ომი გინდა?“ – რომლითაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს მიმართავენ ხოლმე.

ამრიგად, საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ ომის პროპაგანდის პირისპირ. ეს, შესაძლოა, ჯორჯ ორუელის „1984“ – სეული ომის პროპაგანდის თანამედროვე, ქართულ ვარიაციადაც გავიაზროთ. ინგლისელი მწერლის რომანში წარმოდგენილი პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი არის „ომი მშვიდობაა.“ პარტიის პროპაგანდის მიხედვით, მუდმივი ომის მდგომარეობაში ყოფნა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ოკეანიაში ინდუსტრიის ზრდა შეენარჩუნებინათ ისე, რომ დოვლათი მოსახლეობაზე არ განაწილებულიყო. პარტია თვლიდა, რომ დოვლათი მასას გარკვეულ კომფორტს შეუქმნიდა, რაც, საბოლოოდ, მის ჭკუაში ჩაგდებას გამოიწვევდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პარტიას ხელს არ აძლევდა თავისი მოსახლეობის გამდიდრება, რადგან სოციალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება ხალხს განათლების მიღების საშუალებას მისცემდა, რასაც, საბოლოო ჯამში, აზროვნების განვითარება მოჰყვებოდა. მუდმივად ომზე, საომარ მდგომარეობაზე ლაპარაკი კი ამ პერსპექტივას იმთავითვე ანადგურებდა. ამდენად, დოვლათს, რომელიც ხალხზე უნდა განაწილებულიყო, პარტიის მიერ პროპაგანდირებული ომი (რომლის არსებობაზეც სინამდვილეში არავინ არაფერი იცოდა), საომარი მდგომარეობა შთანთქავდა.

„1984“ – ის მსგავსად, ომის პროპაგანდა საქართველოშიც ე. წ. status quo – ს შენარჩუნების საშუალებად იქნა მიჩნეული. რომანის მიხედვით, როცა პარტია საჭიროდ თვლიდა, ადამიანებს შიშისა და სიძულვილის ისტერიაში აგდებდნენ, მუდმივი ომის პროპაგანდირება კი ამის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს ისტერია პარტიისათვის სასურველი გზით მიემართებოდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნული კამპანია ომის, ანუ სიკვდილის შიშს ტირაჟირებდა. ის საკუთარ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოემსახურა, რამაც ამ პარტიას პოლიტიკური არჩევანის გაკეთებამდე ხალხზე, მათ ემოციებზე ზეგავლენის საშუალება მისცა. ასევე ომის საკითხის აქტუალიზებამ მეორე პლანზე გადაწია, შეამცირა ამომრჩეველთან საუბრის შესაძლებლობა ქვეყანაში არსებულ უამრავ პრობლემასა და მათი გადაჭრის სამომავლო ხედვებზე. საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილში დაისვა საკითხი, რა უნდა დაეპირისპირებინა პოლიტიკურ ოპოზიციას „ოცნების“ ზემოაღნიშნული კამპანიისთვის. მთავრობის ოპონენტები ამბობდნენ, რომ საქართველოში გარანტირებული მშვიდობის მიღწევის გზა ევროკავშირში სრული ინტეგრაციაა, თუმცა ამ თვალსაზრისით, მათ მძლავრი კამპანია არ უწარმოებიათ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისგან მოვისმინეთ ისიც, რომ სიკვდილის შიში ირაციონალური შიშია და ის რაციონალური კამპანიის წარმოების გზით ვერ დამარცხდებოდა, ამიტომაც ომის შესახებ პროპაგანდის განხილვაში არ უნდა შესულიყვნენ.

იმ პირობებში, როცა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, როგორც სამართლიანი და თავისუფალი, არ უღიარებია ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილსა და ასევე, ფაქტობრივად, საქართველოს არც ერთ მოკავშირე სახელმწიფოს, რთული გასაზომია, შედეგების თვალსაზრისით, რეალურად რა გავლენა იქონია „ოცნების“ ამ კამპანიამ ამომრჩეველზე, თუმცა მან ერთმნიშვნელოვნად დააზიანა არა მხოლოდ წინასაარჩევნო გარემო, არამედ თავად ამომრჩეველი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანას ჰყავს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და არ შეიძლება, გამუდმებით ომზე ესაუბრებოდე ხალხს, რომელთაც ომმა ერთხელ უკვე დაუნგრია (რიგ შემთხვევებში, გვაქვს ორჯერ დევნილობის შემთხვევებიც) ცხოვრება.

დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ თუკი საქართველო დღეს ომის საფრთხის წინაშე დგას, ეს საფრთხე შეიძლება მიმდინარეობდეს ჩრდილოეთისგან და არა დასავლეთზე გავლენის მქონე (დღემდე დაუდგენელი) გლობალური ომის პარტიისგან, როგორც ამას „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ამბობს.

ავტორი: ირაკლი რობაქიძე

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

 

იტვირთბა....