როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში და მოუწევს თუ არა “ქართულ ოცნებას” დათმობებზე წასვლა? – ამის შესახებ “მეტრონომმა” ინტერვიუ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძესთან ჩაწერა.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მოვლენების ყველაზე მეტად დაძაბვას 21 ნოემბერს უნდა ველოდოთ, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს. მან “ქართული ოცნების” სამომავლო ქმედებებზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ დათმობაზე წასვლის ერთ-ერთი ფაქტორი სანქციების უშუალოდ კონკრეტულ პირებზე დაწესება იქნება.
• მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ? სწორად მოქმედებს თუ არა ოპოზიცია?
მე მგონია, მოვლენების ყველაზე მეტად დაძაბვას უნდა ველოდოთ უკვე, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს, ეს იქნება 21 ნოემბერს. შემდეგ, როდესაც ჩაინიშნება ეგრეთწოდებული ახლად დანიშნული პარლამენტის პირველი სესია. მგონია, ყველაზე დიდი პროტესტი და დაძაბულობა მაგ დროისთვის გველოდება. საზოგადოება გამოვა პარლამენტთან, არ ვამბობ, რომ პარლამენტში შეჭრას შეეცდებიან, უბრალოდ ხელს შეუშლიან ფუნქციონირებაში და შექმნიან ე.წ სირცხვილის კორიდორს.
ოპოზიციის ამჟამინდელ და გასულ ქმედებებსაც დადებითად შევაფასებდი. არჩევნების დროს პატიოსნად ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანია, შეხვდა მოსახლეობას და თავისი პროგრამა გააცნო. თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან მასობრივი დარღვევები მიიღეს. დღეს მეტ-ნაკლებად სტაბილურად ატარებს დემონსტრაციებსა და საპროტესტო აქციებს, მაგრამ მარტო ოპოზიცია ვერ შეძლებს ვერაფერს მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე. დიახ, რაღაც რაოდენობა გამოდის ქუჩაში, თუმცა მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს.
• ექნება თუ არა გავლენა „ქართული ოცნების“ ქცევაზე ტრამპისა და დასავლელი პარტნიორების პოზიციას?
არ არის გამორიცხული შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ქცევები, რადგან ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან მომთხოვნი იქნება. მოგეხსენებათ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თანამშრომლობს ირანთან, ასევე, რომ ჩინეთს სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და თავიდანვე არ უჭერდა მხარს ამერიკელი ინვესტორების ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობას – ამ ყველაფრის შესახებ ტრამპი ინფორმირებულია და ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აღნიშნული საკითხის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ამას ემატება ანტიამერიკული განცხადებები. მოკლედ, მე მგონია, რომ ტრამპი ძალიან მომთხოვნი იქნება ხელისუფლების მიმართ.
• რა შემთხვევაში შეიძლება წავიდეს „ქართული ოცნება“ დათმობაზე?
აქამდე სანქციები არ შეხებია უშუალოდ ივანიშვილს და პოლიტიკურ „ელიტას“. დიახ, შეეხო რამდენიმე მაღალჩინოსანს, ყოფილ პროკურორს, მაგრამ არა უშუალოდ პარლამენტისა და მთავრობის წევრებს. აქ ამაზეა საუბარი, დაწესდა, მაგრამ არა მთლიანად პარტიაზე. ამიტომ მგონია, სანქციები უშუალოდ კონკრეტულ პირებზე იქნება ერთ-ერთი ფაქტორი დათმობაზე წასვლის, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი.
კვლავ, გავიმეორებ, რომ ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენები და საზოგადოების აქტიურობაც მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ახლავე და უცებ არა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ. ახალი პარლამენტი ყოველთვის წნეხის ქვეშ უნდა ჰყავდეთ.
ავტორი: სალომე ჩარკვიანი