კომპანია HarrisX, რომელმაც “მთავარი არხის” დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა და რომელსაც პოლიტიკური და სოციოლოგიური კვლევების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებსა და HarrisX-ის მიერ დათვლილ მონაცემებს შორის სტატისტიკური შეუსაბამობაა.
განცხადებასთან ერთად, HarrisX 27 ოლქის სტატისტიკურ მონაცემებსაც აქვეყნებს, სად რა შეუსაბამობები იკვეთება.
მაგალითად, მარნეულში, სადაც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგით “ქართულმა ოცნებამ” 80% მიიღო, ხოლო HarrisX-ის ეგზიტპოლით 40%, აცდენა მონაცემებს შორის 40%-ია და როგორც კომპანია აღნიშნავს, ამის ახსნა შეუძლებელია:
“ჩვენ ვხედავთ სტატისტიკურად აუხსნელ შეუსაბამობებს, რაც შეადგენს ხმების საერთო რაოდენობის 8 პროცენტზე მეტს, ანუ სულ მცირე 172,523 ხმას, რომელიც მოდის მინიმუმ 27 საარჩევნო ოლქზე.
HarrisX-ის შედარებითმა ანალიზმა გამოავლინა ხმათა უჩვეულო ცვლილებები 2020 და 2024 წლის არჩევნებს შორის, ასევე ჩვენ მიერ ჩატარებულ ეგზიტ პოლისა და 2024 წლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს შორის, რომელიც სცილდება იმ დონეს, რომელიც შეიძლება აიხსნას სტატისტიკური რყევით ან გამოპასუხებასთან (არგამოპასუხებასთან) დაკავშირებული შერჩევის შესაძლო შეცდომით.
მაშინაც კი, როცა ეგზიტ პოლის მონაცემები (სტატისტიკურად) დაფუძნებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სრული დღის სტატისტისტიკური მონაცემების პარამეტრებზე, გამოცხადებული საარჩევნო შედეგი, რომელიც აჩვენებს „ქართული ოცნების“ 53.96%-ს, სტატისტიკურად შეუძლებელია” ნათქვამია HarrisX-ის განცხადებაში.