თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ 31 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე დაგვიანებით მისვლასა და გულგრილობაში იყო დადანაშაულებული, საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“მოგვიანებით ეს ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც ისე გაავრცელა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად არ მოუმართავს.
საუბარია მოზარდ გოგონაზე, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტს მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც სტატუსის ავტორი წერდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 22-23 წუთის დაგვიანებით მივიდა.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ცენტრმა დეტალურად შეამოწმა ბრიგადის მოძრაობის გრაფიკი. როგორც დოკუმენტურად დადგინდა, აღნიშნული გამოძახება 26 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 18:32:37 საათზე მიიღო და პაციენტთან 10 წუთში მივიდა (მისვლის დრო: 18:42:14 სთ.). მოზარდს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მანიპულაციები და 18.52-სთ-ზე დაიწყო პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესი.
რაც შეეხება ექიმების მიერ პაციენტისთვის აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარების პროცესის მიმდინარეობის საკითხს, იგი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შესწავლის სტადიაშია”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა, რომელიც შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის შემთხვევის ფაქტს შეესწრო, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღწერა თუ როდის მოვიდა სასწრაფო და როგორ დაეხმარნენ ექიმები დაზარალებულს:
„მინდა ჩემს თვალწინ განვითარებულ მოვლენებს შევეხო, კერძოდ კი სასწრაფო დახმარების მუშაობის არაპროფესიონალიზმს, არაკომპეტენტურობასა და გულგრილ მიდგომას. ახლა, დამშვიდებულ გონებაზე შევეცდები ზუსტად ავღვწერო განვითარებული მოვლენები.
შემთხვევის დადგომიდან 2-3 წუთში, 6:29 წუთზე დავრეკე 112-ში და შევატყობინე მომხდარის შესახებ. აქვე ვუთხარი, რომ გოგონა ცოცხალი იყო და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება. მითხრეს რომ ბრიგადა გამოსული იყო და მალე მოვიდოდა, თუმცა ეს მალე გაიწელა დაახლოებით 22-23 წუთი. პერიოდულად ვრეკავდი 112-ში და ვეკითხებოდი სად იყო სასწრაფო დახმარება და რატომ უნდებოდა ამდენი ხანი ადგილზე მისვლას, ოპერატორმა მომახსენა, რომ ბრიგადა სხვა გამოძახებაზე იყო და იქიდან მოდიოდა… გამოსული ვიყავი ქუჩაში სასწრაფოს დასახვედრად და ბოლოს როგორც იქნა დავინახე სასწრაფო, რომელმაც პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოუხვია და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მოსეირნობდა, მოყვებოდა მის წინ მიმავალ მანქანას მშვიდად და აუღელვებლად, არ ჰქონდა ხმოვანი სიგნალი ჩართული და რომ არა ჩემი და პატრულის(პატრულის ეკიპაჟი დაახლოებით 10 წუთში ადგილზე იყო) ძახილი და ხელების ქნევა სხვა ქუჩაზე აუხვევდა. მიუხედავად ამისა ერთი წამითაც არ უფიქრია აჩქარებულიყო და ასევე ზანტად გააგრძელა ჩვენი მიმართულებით მოძრაობა. მას შემდეგ, რაც ადგილზე მივიდნენ და გოგონას გაუკეთეს დამამშვიდებელი(ჩემი ვარაუდია), საკაცეზე გადააწვინეს ისე, რომ კისერი არ დაუფიქსირეს…
გადააწვინეს საკაცეზე ადამიანი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. იგი სასწრაფოს მოსვლამდე გვეხვეწებოდა გვერდზე გადამატრიალეთ ყველაფერი მტკივაო და მიუხედავად დიდი სურვილისა ამ მდგომარეობაში ჩავარდნილ პატარა გოგონას რაიმეთი დავხმარებოდით და მისთვის ტკივილი შეგვემსუბუქებინა, ვცდილობდით მისთვის ამის საშუალება არ მიგვეცა, რადგან ისეთი დილეტანტისათვისაც კი, როგორიც მე ვარ პირველადი დახმარების აღმოჩენაში, ცხადი იყო რომ მისი განძრევა ამ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, რადგან სავარაუდოდ ხერხემალი და შეიძლება ფუძის ძვალიც კი დაზიანებული ჰქონოდა და მისი განძრევა ამ მდგომარეობაში შესაძლოა ფატალურადაც კი დასრულებულიყო. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, პატარა გოგონას, სასწრაფო დახმარებაში მომუშავე “პროფესიონალები” აწვენენ საკაცეზე და არ უფიქსირებენ კისერს!
ახლა მაქვს რამოდენიმე კითხვა თქვენთან(მიმართავს 112-ს):
1, თუ არ გყავთ შესაბამისი რაოდენობის ბრიგადები, რომ გასაჭირში მყოფ ადამიანს სწრაფად აღმოუჩინოთ დახმარება, როცა მათი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და თითოეული წამი გადამწყვეტია, რატომ არ ამატებთ ბრიგადებს?
2, რატომ არ ჰქონდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ხმოვანი სიგნალები ჩართული და რატომ მოსეირნობდა მშვიდად და აუღელვებლად?
3, რატომ არ დაუფიქსირეს ადამიანს კისერი, როცა სახეზე იყო მრავლობითი მოტეხილობა გამოწვეული სიმაღლიდან ვარდნის გამო?
აქვე დიდი “სიყვარულით” მოვიკითხავ ყველა იმ ადამიანს ვინც არ ატარებს სასწრაფო დახმარების ბრიგადას, სახანძრო დახმარების მანქანასა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟსაც კი.
აუცილებლად საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანზე უნდა გამოსცადოთ ის საშინელება, რაც შეიძლება მათ დაგვიანებას მოჰყვეს?” – წერდა ინტერნეტ მომხმარებელი.