ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომ ბიძინა ივანიშვილი აფერხებს საქართველოს დემოკრატიისკენ სვლას” – პოლიტიკოსი “მეტრონომთან” ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას აფასებს

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას “მეტრონომთან” “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აფასებს. პოლიტიკოსმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლას დადებითი შედეგი მოჰყვება. 

მისი თქმით, სანქციების პროცესი უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ის აფერხებს საქართველოს დემოკრატიისკენ სვლას.

• როგორ შეაფასებდით ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციას?

ვფიქრობ, კარგია ზეწოლა დასავლეთიდან. ლიბერალური დემოკრატია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და მიმზიდველი სისტემაა. ოკეანის გაღმა-გამოღმა ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის არის სრული ჰარმონია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, ამიტომ მოძალადე პრორუსულ ხელისუფლებას არ დაანებებენ ქართველი ხალხის არჩევანის მიტაცებას. ამ სულისკვეთების არის რეზოლუცია.

• იქნება თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გადამწყვეტი  დასავლეთთან ურთიერთობის საკითხში?

შედეგი პროგნოზირებადია და გასაგები, მოიგებს პროევროპელი ამომრჩეველი, დიდი უპირატესობით. დაახლოებით ისეთივე თანაფარდობა იქნება , როგორც ევროპარლამენტში. ყველა ლიბერალური პარტიის, ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა, – მწვანეებმა, სოციალ-დემოკრატებმა, ლიბერალებმა, ქრისტიან-დემოკრატებმა, კონსერვატორებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომ ბიძინა ივანიშვილი აფერხებს საქართველოს დემოკრატიისკენ სვლას . სანქციების პროცესი უნდა დაიწყოს მის წინააღმდეგ.
26 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში. ქართველი ხალხის და ქვეყნის მომავალი ევროკავშირს უკავშირდება .
რეზოლუციის წინააღმდეგი ვინ იყო იცით? ერთი მხრივ ლეპენის და ორბანის პარტიები და, მეორე მხრივ, მემარცხენე კომუნისტები. ისინი აღმოჩნდნენ უმცირესობაში და ერჩიან დემოკრატიის წამყვან სუბიექტებს. მაგრამ 5/7 -მა დაუჭირა მხარი, ეს უზარმაზარი უპირატესობაა. ასეთივე უპირატესობა ექნება საქართველოშიც არჩევნების დღეს. კითხვა ის არის, ხელისუფლება მაშინვე აღიარებს შედეგებს თუ დახმარება დასჭირდება. 2012 წლის მსგავსი მოვლენები იქნება თუ 2010 -ის. დახმარებაში იმას ვგულისხმობ, რომ მიღებული ხმების მიტაცება თუ დაიწყება ბუნებრივია ხალხი დაიცავს საკუთარ მონაპოვარს – განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო და ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.

საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

 

იტვირთბა....