აქტუალური თემა მთავარი პოლიტიკა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

“მოვუწოდებთ ევროკავშირს ყველა დაფინანსება, რომელიც მიეწოდება საქართველოს მთავრობას, გაიყინოს ზემოაღნიშნული არადემოკრატიული კანონების გაუქმებამდე და დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობისთვის მომავალი დაფინანსების გაცემაზე;

ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ წარმატებულ და კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში.

ვაფასებთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაწეულ ძალისხმევას საქართველოს დასაბრუნებლად განვითარების დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე;

ვგმობთ აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და მის მცდელობებს, კიდევ ერთხელ გამოუთხაროს ძირი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს რუსეთისკენ შებრუნების სასარგებლოდ;

კვლავ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო;

მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, პასუხისმგებლობა დააკისრონ და დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მონაწილეობს პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და ავრცელებს ანტიდასავლურ დეზინფორმაციას;

მივესალმებით აშშ-ის მიერ ქართული ოცნების ჩინოვნიკების მიმართ დაწესებულ პირად სანქციებს;

მტკიცედ გვწამს, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, ისევე როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიმართულებით პროგრესის მიღწევისთვის;

კვლავ მტკიცედ მოვითხოვთ ჰუმანიტარული ნიშნით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით;

ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე;” ნათქვამია რეზოლუციაში.

იტვირთბა....