აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ჩვენ არ გვინდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე – ფიშერი

ჩვენ არ გვინდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ჩვენ მივესალმებით ქართველებს შენგენის ზონაში და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება თავის დროზე – აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებსა და რეზოლუციაზე.

რეზოლუციის პროექტებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უვიზო რეჟიმის გაუქმებაა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის გამო. ჯერ ჯერობით, უცნობია ტექსტის საბოლოო ვარიანტი, მაგრამ დიდი ალბათობით ევროპარლამენტარები საბოლოო ვერსიაზე უკვე შეთანხმდნენ და კენჭს ხვალ უყრიან.

გერმანიის ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და რომ ევროკავშირს არ სურს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება:

“მე არ ვიცი, არის თუ არა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება შესაძლო სცენარი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. საგარეო საქმეთა საბჭოსა და ევროპული საბჭოს თქმით, ყველა ვარიანტი განიხილება და რა შედეგი იქნება, არ ვიცი.

ჩვენ არ გვინდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ჩვენ მივესალმებით ქართველებს შენგენის ზონაში და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება თავის დროზე. ჩვენ გვინდა, რომ სტუდენტები ჩამოდიოდნენ, ტურისტები ჩამოდიოდნენ, თუმცა, ვიმეორებ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ევროკავშირი არის საქართველოს პარტნიორი და ასეთად რჩება უკვე 30 წელია. გერმანია ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა და ისიც კარგი პარტნიორი იყო საქართველოსთვის. ჩვენ კვლავაც გვინდა ამ პარტნიორობის გაგრძელება, მაგრამ პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს.

ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს არჩევნები არის ქართველი ხალხის და სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი. ეს ჩვენი საქმე არ არის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მთავრობა და მიიღოთ ნებისმიერი კანონი, რომელიც გსურთ. ჩვენ საკუთარ აზრს მხოლოდ იმიტომ გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შემოიტანა, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, რომ ვთქვათ, რა არის კარგი საქართველოს გაწევრიანებისთვის და რა არის ცუდი. ყველაფერი დანარჩენი თქვენი საქმეა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა გაგრძელდება. ” აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.

იტვირთბა....