აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ დადებით დინამიკაზე ისაუბრეს. ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევი კრემლში მიიღო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერთა საბჭოს სხდომაში. მანამდე კი ალიევისა და პუტინის ორმხრივი მოლაპარაკებები შედგა.
„ბაქოში თქვენი სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა მნიშვნელოვნად შესამჩნევი გახდა. იყო ბევრი კონტაქტი სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის, მთავრობის წევრებს შორის, რაც ხდება იმ გადაწყვეტილებების შესავსებად, რომლებსაც მივაღწიეთ ბაქოში ვიზიტისას აგვისტოში“, – განაცხადა ალიევმა.
თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება.
ვლადიმერ პუტინმა ილაჰამ ალიევი ყაზანში 23-24 ოქტომბერს დაგეგმილ „ბრიკსის“ სამიტზე მიიწვია.
„ბევრი კარგი საინტერესო პროექტია ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. ყველა პროექტი, როგორც ორმხრივი, ისე ცალმხრივი პერსპექტიულია და ცოცხალი“, – განაცხადა პუტინმა
ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ბაქოში 11-22 ნოემბერს დაგეგმილ გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი ჩავიდეს. ეს ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ გაავრცელა.
რუსული მედიის ცნობით, დღეს ასევე რუსეთის პრეზიდენტი კრემლში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მიიღებს.