დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადება გააკეთა საკოორდინაციო პლატფორმასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით,არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში, პროცესების მონიტორინგის მიზნით, მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა
„მივესალმები, რომ 26 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად იზეიმებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას. ჩვენ ასეთი ფანჩატურები ბევრი გვაქვს ნანახი: გახსოვთ, იყო შალიკოს ფანჩატური, დღეს გვაქვს სალომეს ფანჩატური. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ამ ფანჩატურებს. მთავარია, შიგთავსი რა არის, და ვინ არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ რადიკალებთან ერთად იზეიმებს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ უმრავლესობას“, – აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სამზადისს- მერის თქმით, მმართველი პარტია ერთადერთი პოლიტიკური გუნდია, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრებს ხალხთან მართავს.
„ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე. რაც შეეხება არჩევნებს, ვემზადებით. მიმდინარეობს სარჩევნო კამპანია. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, ვინც რეალურად ხვდება ხალხს. ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა სოფელში პირდაპირ მივდივართ მოსახლეობასთან და ვესაუბრებით, განსხვავებით იმ რადიკალებისგან. მესმის, რომ მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ. როგორ უნდა მივიდეს, მაგალითად, გვარამია კახეთში გლეხთან და დაელაპარაკოს მომავალზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ღვინოზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.