„ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. ბევრი ადამიანის ბედზე და წარმატებაზე. აქ შეცდომა დაუშვებელია, ემოციები უსარგებლო.“ – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს ეკუთვნის, რომელმაც შემდეგი პოსტი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ის რასაც დღეს ვაკეთებ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც კი ოდესმე მიკეთებია, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ საკეთებელზე რისი კეთებაც შემდეგი წლების მანძილზე მომიწევს.
ამიტომ, ვცდილობ ბოროტებს, უზნეოებს, ჭორიკნებს, მატყუარებს პასუხი არ გავცე, ემოცია დავთრგუნო, ყველაფერი რაც მე პირადად მეხება გვერდზე გადავდო, არ ავყვე და პირიქით, მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით შევუძახო საკუთარ თავს, რომ სწორედ ამ პასუხისმგებლობის და საქმის მნიშვნელობის გამო უნდა ავიტანო, მოვითმინო, საქმეში დავიკარგო.
მაგრამ ახლა, გიგა მოვიდა სახლში. ისეთი დაღლილია არაფრის თავი არ მაქვსო, გამოგვიცხადა. მამა დაუჯდა და საშინაო დავალება – მოთხრობას უკითხავს. მე მთელი დღე ეკრანს ვუყურებდი და ვერ მივხვდი, რამე უნდა დამეწერა თუ არა. ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა გავატარო.
სცენარი იგივეა, თითქოს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული. ვიდეო აიტვირთა, მერე დაიბლოკა, ირკვევა რომ პრაქტიკულად არავის უნახავს, ჭორაობა დაიწყო. თუმცა იყო ერთი “მცირე” დეტალი. პროკურატურის რეგისტრატურის წინ მდგომ დასაკითხად მისულ ახალგაზრდას ჟურნალისტმა კითხა “პოლიტიკოსის კადრები იყო?”. “დიახ” იყო პასუხი. ასევე ქალბატონი იმავე პროკურატურასთან, იმავე მიზნით მისული ასევე სხვათაშორის ამბობდა, რომ “პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო”.
ამ პატარა გასაუბრებით ამოცანა შესრულდა. ეჭვი გაჩნდა, და მგმობელი, მორალისტი, მაწყევარი, მაგინებელი არ დაილია.
და არც კი ვიცი სერიოზულად უნდა ვიკითხო თუ არა, მაგრამ ამ 2 ადამიანს მინდა ვკითხო, ასეთ ტყუილს რომ იტყვი, ადამიანს ლაფში ამოსვრი, სრულიად ჩვეულებრივ ცილისმწამებლად და შანტაჟისტად რომ იქცევი, მერე რით განსხვავდები იმ ხალხისგან ვისაც ასე გულმოდგინებით “გმობ” ვიდეოების გავრცელებისთვის?
აღარაფერს ვამბობ სრულიად ქართულ ტელე-მედიაზე, რომელმაც არ დაიზარა და მთელი დღე ტირაჟირებდა ამ ტყუილს, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების მორიგი სერია გამოჩნდა ინტერნე-სივრცეში.
უკვე წარმომიდგენია როგორი მჭერმეტყველი იქნება ხვალ ბეჭდური მედია.
თუმცა, შესაძლოა ამოცანაც ეს იყო.
დაიდო სრულიად გაუგებარი ვიდეო, 20-მა ნახა, 200-მა ამბავს ყური მოკრა, მერე ტელევიზიით 200 ათასმა ცილისწამება და ტყუილი მოისმინა, მერე ვიღაცამ ჭორაობით გული იჯერა ზოგმა განზახ, ზოგმა “გულწრფელი აღშფოთებით” და მორჩა.
ისინი ფიქრობენ – მიზანი მიღწეულია.
მაგრამ როგორც თავში მოგახსენეთ ბატონებო, ჩემი მიზანი რომელსაც ვემსახურები, ვიშრომო, ვიბრძოლო, ვიცხოვრო ჩემი შვილების და თქვენი შვილების ბედნიერებისთვის, გაცილებით უფრო დიდია, უფრო საინტერესო, უფრო მშვენიერი და ჯერ არავის მოუფიქრებია და არ გამოუგონიათ ძალა რომელიც გამაჩერებს.“ – წერს თინა ხიდაშელი.