აშშ-მა უკრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდება 2023 წლის შემოდგომიდან დაიწყო, ჯამში 31 ტანკი მიაწოდა – ეს ტანკები მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში, თუმცა აშშ-მა უკრაინას ისინი დაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტის გარეშე გადასცა, – წერს გამოცემა Business Insider-ი.
როგორც გამოცემა Business Insider-ი აღნიშნავს, აშშ-მა უკრაინაში გააგზავნა Abrams-ის ტანკის ძველი მოდელები, ჯავშანის მოდერნიზების გარეშე.
გამოცემა განმარტავს, რომ მიზეზი არის ის, რომ აშშ, პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად, ამცირებს საექსპორტო მოდელების დონეს, რათა დაიცვას თავისი საიდუმლო ტექნოლოგიები.
„გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ჯავშანი, რომელსაც ამერიკელები იყენებენ, საიდუმლოა და უკანასკნელი, რაც მათ სურთ, არის ის, რომ ის რუსების ხელში მოხვდეს“, – განაცხადა ბრიტანეთის არმიის ყოფილმა ოფიცერმა, ნიკოლას დრამონდმა.
თუმცა, ბრძოლის დროს ტანკები და საბრძოლო მანქანები ხშირად ხდება არტილერიისა და დრონების სამიზნე და თანამედროვე ჯავშანის არარსებობის პირობებში, უკრაინას სჭირდება საკუთარი გადაწყვეტილებების მოძიება.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უკვე განაცხადეს, რომ ჯავშანი, რომლითაც Abrams-ის ტანკებია აღჭურვილი, არასაკმარისია ასეთი ინტენსივობის შეტევებისთვის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინამ Abrams-ის ტანკებისა და Bradley-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის დამცავი ეკრანები დაამზადა.