ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესა – ახალი შეზღუდვები დაახლოებით 400 პირს ეხება – განცხადებას აშშ-ს ხაზინა ავრცელებს და წერს, რომ რომ სანქციათა სამიზნეები რუსეთის შიგნით და მის გარეთ იმყოფებიან. სანქციები, მათ შორის, შეეხება ჩინურ ფირმებს, რომლებიც მოსკოვს დასავლეთის სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან.
სანქცირებულ ჩინურ ფირმებში შედის ისინი, რომლებიც რუსეთში სამანქანო ნაწილებისა და მიკროელექტრონიკის გადაზიდვაში მონაწილეობენ. სამიზნეებს შორის არის Dalian Machine Tool Group-ი, რომელმაც, სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსულ კომპანიებს $4 მილიონის ღირებულების ორმაგი დანიშნულების საქონელი მიჰყიდა.
აშშ-ს ხაზინა ასევე წერს, რომ სანქციებს საერთაშორისო ქსელებს უწესებს, რომლებიც რუსეთს საბრძოლო მასალით ამარაგებენ და რუს ოლიგარქებს სანქციებისთვის თავის არიდებასა და ოქროს გათეთრებაში ხელს უწყობენ.
“რუსეთმა თავისი ეკონომიკა კრემლის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის სასარგებლო ხელსაწყოდ აქცია. […] მსოფლიოს გარშემო კომპანიებმა, საფინანსო დაწესებულებებმა და მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ხელს რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული მიწოდების ჯაჭვებს არ უწყობენ”, – აცხადებს აშშ-ს ხაზინის მდივნის მოადგილმ, უოლი ადეიემო.
გარდა ამისა, სანქციები რუსეთის ენერგეტიკის სექტორს, ფინანსურ სექტორსა და უძრავი ქონების გამქირავებელ ფირმებსაც შეეხო. აშშ-ს ხაზინამ სანქციები თურქეთის, არაბთა გაერთიანებულ საემიროებისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფირმებზეც დააწესა, რომლებიც, მათი თქმით, რუსეთის ენერგეტიკის სფეროში ეხმარებიან.
“დღევანდელი ქმედებები რუსეთს არტყამს იქ, სადაც სტკივა – ასუსტებს მის უნარს, ენერგეტიკული პროექტებით შემოსავალი გამოიმუშაოს და აფერხებს მის მიერ მასალის მოპოვებას, რომელსაც საომარი მანქანისთვის იყენებს”, – განაცხადა სახდეპის დირექტორმა, ეკონომიკური სანქციების პოლიტიკისა და შემუშავების საკითხებში.
კომუნიკეში ნათქვამია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის უკრაინაში ომის საწარმოებლად საჭირო რესურსებით მიწოდებაში “საკვანძო” როლს ასრულებს.